დღეს არის შანსი ყველა უცხოელისთვის, რომელმაც შარშან განიზრახა საკუთარი ვირტუალური საქართველოს შექმნა, დაფიქრდნენ საკუთარ ქმედებებზე, აღიარონ დემოკრატიული არჩევნები და თვალი გაუსწორონ რეალობას - შალვა პაპუაშვილი

პაპუაშვილი

ჩემთვის მთავარია ჩვენი მოქალაქეების, მათ შორის თქვენი აღიარება. თქვენ მელაპარაკებით მე, პარლამენტის თავმჯდომარეს, ხართ პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტი და მადლობა ამ აღიარებისთვის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ, რომელმაც თქვა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ამ დრომდე არ აქვს უცხო ქვეყნების მხრიდან აღიარება.

„აღიარებას დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორებს ქართველი ხალხი არჩევნებზე მოსვლით და კიდევ ერთხელ დაადასტურებს თავის მანდატს. კითხვები ჩვენ კი არ მოგვემართება, კითხვები მიემართებათ იმ უცხოელებს, რომ გაახილონ ფართოდ თვალები და აღიარონ რეალობა. იმ ვირტუალურ რეალობაში და მათ სასურველ რეალობაში რომ სურთ ცხოვრება, ასე არ არის.

ქართველი ხალხი აკეთებს თავის არჩევანს, აძლევს მანდატს იმას, ვისაც უნდა, ეს არის დემოკრატია და ამას ყველამ უნდა სცეს პატივი. ვინც ხალხის არჩევანს არ სცემს პატივს ის არის ანტი დემოკრატი. შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის დამარცხებული ამომრჩეველი გაარადიკალა მისმა პარტიებმა და უცხოელებმა და ვხედავთ ჩვენ ოპოზიციის ამომრჩეველს.

შარშან ასეულობით ათასი ამომრჩეველი ჰყავდა ოპოზიციას. არის ნაწილი ჩვენი საზოგადოების, რომელიც ყოველთვის შეძლებს რუსთაველის შევსებას თუ ა.შ. დემოკრატია სხვანაირად მუშაობს, დემოკრატია არ არის აპართეიდი. აპართეიდი არის, სადაც უმცირესობა მართავს უმრავლესობას. დემოკრატია არის, როდესაც უმრავლესობის ნება არის გადამწყვეტი.

დღეს დემოკრატიული არჩევნების დღეა, დღეს არის შანსი ყველა უცხოელისთვის, რომელმაც შარშან განიზრახა საკუთარი ვირტუალური საქართველოს შექმნა ანტი დემოკრატიული გზებით, დღეს არის შანსი კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ საკუთარ ქმედებებზე, აღიარონ დემოკრატიული არჩევნები და თვალი გაუსწორონ რეალობას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.