დევიდ ო`სალივანი მაკა ბოჭორიშვილს: ჩვენ ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას და გთხოვთ მომავალშიც უზრუნველყოთ, რომ საქართველოს ტერიტორია რუსეთში ასეთი მგრძნობიარე პროდუქციის ექსპორტისა და რეექსპორტისთვის არ გამოიყენებოდეს

დევიდ ო`სალივანი

 ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სანქციების საკითხში დევიდ ო'სალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილი მისწერა, რომელშიც აღნიშნავს, რომ ბრიუსელი ძალიან აფასებს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, რათა მისი ტერიტორია რუსეთში პროდუქციის ექსპორტისა და რეექსპორტისთვის არ გამოიყენებოდეს.

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მუდმივ ძალისხმევას ამ მიმართულებით და გთხოვთ მომავალშიც უზრუნველყოთ, რომ საქართველოს ტერიტორია რუსეთში ასეთი მგრძნობიარე პროდუქციის ექსპორტისა და რეექსპორტისთვის არ გამოიყენებოდეს“, - აღნიშნულია წერილში.

წერილში ო'სალივანმა აგრეთვე აცნობა ქართულ მხარეს, რომ ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღო.

„თავდაპირველად საქართველოს ყულევის პორტის ჩართვა სანქციების მე-20 პაკეტში იგეგმებოდა რუსული ნავთობის საზღვაო გადაზიდვებისა და პორტში „ჩრდილოვანი ფლოტის“ შესვლის გამო. ეს პირველადი პოზიცია გადაიხედა მას შემდეგ, რაც თქვენმა ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა პოზიტიური ვალდებულებები იკისრეს.

მივესალმები თქვენს ვალდებულებას, რომ საქართველო არ დაუშვებს გემებს, რომლებიც ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფებიან, შევიდნენ პორტებში, ან მიიღონ მომსახურება. ვალდებულება აგრეთვე აიღო SOCAR-მა იმის თაობაზე, რომ იმოქმედებს ევროკავშირის მკაცრი სანქციების შესაბამისად, ფასის ზედა ზღვრის დაცვითა და რუსულ ნედლ ნავთობზე და მისგან წარმოებულ ნავთობპროდუქტებზე ევროკავშირის მიერ დაწესებული აკრძალვის გათვალისწინებით“, - აღნიშნულია წერილში.