დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის ვენეციის კომისიისთვის გაგზავნა ძალიან კარგი რჩევაა - დეგნანი

აშშ-ის ელჩი

ვენეციის კომისიის სამართლის ექსპერტების დასკვნის მიღება ძალიან სასარგებლო ნაბიჯი იქნება საქართველოს მთავრობისა და პარლამენტისთვის დეოლიგარქიზაციის კანონის დამტკიცებამდე, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომელმაც უპასუხა შეკითხვას, უნდა გადაიგზავნოს თუ არა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში, როგორც ეს საქართველოს მთავრობას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ურჩია.

„რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან კარგი რჩევა, რომელიც მოდის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისგან, რომელიც მუშაობს საქართველოსთან ერთად ამ რეკომენდაციის შესრულებაზე, ეს ძალიან კარგი რჩევაა.

ვფიქრობ, გარკვეული დაბნეულობა არსებობს, რადგან დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, რომელიც უკრაინაში შეიმუშავეს, ვენეციის კომისიიდან გაიწვიეს. ეს არის კანონის ახალი სფერო, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიის სამართლის ექსპერტებმა განიხილონ კანონპროექტი, სანამ მას დაამტკიცებენ.

როგორც ვთქვი, ეს არის კანონის ძალიან კომპლექსური და მნიშვნელოვანი ნაწილი და ევროპის სამართლის ექსპერტების დასკვნის მიღება ძალიან სასარგებლო ნაბიჯი იქნება საქართველოს მთავრობისა და პარლამენტისთვის დეოლიგარქიზაციის კანონის დამტკიცებამდე“, – აღნიშნა ელჩმა.