დენიელ დრეზნერი: ტრამპი იქნება უფრო ტრანზაქციული, გნებავთ პრაგმატული პოლიტიკის გამტარებელი სამხრეთ კავკასიის რეგიონში. რაც შეეხება „ფერად რევოლუციებს“, ამერიკის შეერთებული შტატები არ იქნება არცერთი ასეთი პროცესის შემოქმედი

დენიელ დრეზნერი

ტრამპი იქნება უფრო ტრანზაქციული, გნებავთ პრაგმატული პოლიტიკის გამტარებელი სამხრეთ კავკასიის რეგიონში, - განაცხადა ლაშა კასრაძესთან ინტერვიუში ფლეტჩერის იურისპრუდენციისა და დიპლომატიის სასწავლებლის პროფესორმა, ბრუკინგის ინსტიტუტის მკვლევარმა დენიელ დრეზნერიმ.

წამყვანმა მას ჰკითხა: „კი ბატონო, მიმაჩნია რომ ტრამპი მაინც ამერიკული საგარეო პოლიტიკის ტრადიციულ ჩარჩოებში დარჩება, ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის რეგიონებში, ჩინეთთან, ისრაელთან და ირანთან დაკავშირებით. კრემლთან ტრამპი ეცდება იყოს შედარებით მოქნილი. საქართველოს, სამხრეთ კავკასიის შემთხვევაში - სრული სურათის გათვალისწინებით, ერთპოლუსიანი სამყაროდან, მრავალპოლუსიანი სამყაროსკენ მიმავალ გზაზე, ევრაზიული სივრცის ჩვენს თვალწინ განახლების ფონზე, მიმაჩნია, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ვიხილავთ მეტ დიპლომატიურ მოქნილობას. რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას?“

„ტრამპი იქნება უფრო ტრანზაქციული, გნებავთ პრაგმატული პოლიტიკის გამტარებელი სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რადგან მას სჭირდება, რომ რუსეთი ჩინეთს ჩამოაშოროს, მაგრამ ეს არ იქნება მხოლოდ ტრამპის ცალმხრივი პოლიტიკა. მას გასათვალისწინებელი ექნება ასევე ირანის ფაქტორი, რის მიმართაც ტრამპის თეთრი სახლი ისეთივე აგრესიული იქნება, როგორც მისი წინამორბედი იყო. ასე რომ, ტრამპი ირანის ფაქტორის გათვალისწინებით განავითარებს ურთიერთობას სამხრეთ კავკასიაში. ხოლო, ტრამპის საერთო პოლიტიკა, ნამდვილად უფრო ნაკლებად იქნება „ღირებულებებზე“ ორიენტირებული თბილისის მიმართ“, - აღნიშნა დენიელ დრეზნერიმ.

ლაშა კასრაძემ მას დამატებით ჰკითხა: „ამ მიდგომის ერთ-ერთი განმაპირობებელი ალბათ თავად რუსეთის დამოკიდებულებაა ირანისადმი. ჩვენ შეგვიძლია ბევრი ვიხალისოთ „ბრიქსთან“ დაკავშირებით, მაგრამ ნათელია, რომ ალტერნატიული მსოფლიო წესრიგის მშენებლობა მიდის. ბევრი „ბრიქსს“ მასხრად იგდებდა, მაგრამ დღეს ვხედავთ „ბრიქსი“ რასაც წარმოადგენს. არა მგონია პუტინმა არ შეიმჩნიოს რეგიონში ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები. ის პირდაპირ დაუჭერს მხარს ირანს სამხედრო თვალსაზრისით, იქნება უფრო დაფარული სახის მხარდაჭერაც. პუტინი სამხრეთ კავკასიას და ირანს ერთ მოცემულობად განიხილავს. ამ შემთხვევაში შეიძლება პუტინის გადმოსახედიდან გაჩნდეს რისკები ახალი ფერადი რევოლუციების, რადგან კრემლში მიაჩნიათ რომ სწორედ ირანია ის გზა და ქვეყანა რომლის გავლითაც რეგიონში ე.წ. „ფერადი რევოლუციები“ უნდა მოხდეს“.

როგორც დენიელ დრეზნერიმ აღნიშნა, რაც შეეხება „ფერად რევოლუციებს“, ამერიკის შეერთებული შტატები არ იქნება არცერთი ასეთი პროცესის შემოქმედი აწი.

„რამდენიმე მოსაზრებას გაგიზიარებთ. პირველ რიგში, მართალს ბრძანებთ რომ რუსულ - ირანული ურთიერთობები გაძლიერებულია და ჩამოყალიბდა ე.წ. „სანქცირებულთა კოალიცია”, რუსეთის, ჩრდილოეთ კორეის, ჩინეთისა და ირანის თაოსნობით. ტრამპის მცდელობა, რომ ეს ერთობა დაიშალოს უშედეგო იქნება, მიუხედავად ამისა - ის ამას მაინც შეეცდება და მას აქვს იმედი, რომ რუსეთთან შეთანხმდება. ამავე დროს, არ ვიცი რამდენად მზად არის პუტინი დაიცვას ირანი. ყურადსაღებია, რომ ირანს ბოლო რამდენიმე თვეში თავს ისრაელი რამდენჯერმე დაესხა, კრემლმა ეს არც კი შეიმჩნია. შესაბამისი შეკითხვა ამ კონფლიქტის გაუარესების შესაძლებლობასთან დაკავშირებით გახლავთ კითხვა იორდანიის მომავალთან დაკავშირებით. იორდანია შეიძლება დაიშალოს, იორდანიაში შესაძლოა ე.წ. „სუროგატების ომი” დაიწყოს, ეს კი თავის მხრივ გავლენას იქონიებს სირიაში რუსულ ინტერესებზე და საბოლოო ჯამში, მივიღებთ საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებას. სირიით დაინტერესებულია თურქეთიც და თურქული ინტერესები სირიაში არცთუ ისე დიდ თანხვედრაში მოდის სირიაში ამერიკულ, ან გნებავთ რუსულ ინტერესებთან. ვიღებთ გეოპოლიტიკურ ქაოსს, ახლო აღმოსავლეთი და თქვენი ნებართვით მივამატებ სამხრეთ კავკასიას, შეიძლება გახდეს მულტიპოლარული სამყაროს დაპირისპირების ეპიცენტრი, ბევრი ურთიერთდაპირისპირებული ალიანსია გაბმული. რაც შეეხება „ფერად რევოლუციებს“, მართალს ამბობთ, ამერიკის შეერთებული შტატები არ იქნება არცერთი ასეთი პროცესის შემოქმედი აწი. პირიქით, მიმაჩნია, რომ ვიხილავთ პუტინის მიერ წახალისებულ ე.წ. „ანტიფერად რევოლუციებს”, პუტინის მიერ დაფინანსებულ მემარჯვენე, ქრისტიანულ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც არჩევნების გზით შექმნიან პუტინისადმი მეგობრულად განწყობილ რეჟიმებს“, - აღნიშნა მან.