1732737464
დენიელ დრეზნერი: ის არ არის ნეოკონსერვატორი, ის არ გახლავთ ნეოლიბერალი, მაგრამ ბევრი გეტყვით, რომ ტრამპი იზოლაციონისტია. მე მას არ ვეთანხმები
ის არ არის ნეოკონსერვატორი, ის არ გახლავთ ნეო - ლიბერალი, მაგრამ ბევრი გეტყვით, რომ ტრამპი იზოლაციონისტია. მე მას არ ვეთანხმები, - განაცხადა ლაშა კასრაძესთან ინტერვიუში ფლეტჩერის იურისპრუდენციისა და დიპლომატიის სასწავლებლის პროფესორმა, ბრუკინგის ინსტიტუტის მკვლევარმა დენიელ დრეზნერიმ.
ლაშა კასრაძემ მას ჰკითხა - „თქვენი განცხადების ბოლო ნაწილის პასუხად, უდავოა, რომ მიუხედავად იმისა, თუ ჩვენ რას ვფიქრობთ დონალდ ტრამპის თაობაზე, როგორც მოვლენაზე - ის ხომ არაორდინალური ფიგურაა, თვითშემოქმედი პოლიტიკოსია, რომელმაც ისარგებლა იმ გამოწვევებით, რომელთა წინაშეც ამერიკის შეერთებული შტატები და ზოგადად, დასავლური სამყარო ბოლო 30 წელია იმყოფება. ბევრი, ვინც იკვლევს იმ გარემოებათა ერთობლიობას, რომლებმაც განაპირობეს დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა, ადასტურებს ზემოთქმულს, ტრამპის გაპრეზიდენტებაში საკუთარ როლს ასრულებს სოციო - ეკონომიკური ფონიც, რომელიც შტატებშია. საერთო ჯამში, ალბათ უპრიანი იქნებოდა მეთქვა და ეს ჩემი მოსაზრებაა, რომ შევხედოთ ტრამპს როგორც ამერიკული პოლიტიკური წარმატების ისტორიას. ეს ვინმეს შეიძლება გადამეტებულად მოეჩვენოს, მაგრამ მისი დაბრუნება თეთრ სახლში დიდი მოვლენაა. ამერიკაში უყვართ ე.წ. ქამბექი, ამერიკაში უყვართ გამარჯვებული ენა და ტონი, რომელიც ახლდა ტრამპის პრეზიდენტობას - იყო ხისტი, ბევრი დაფრთხა. არ მსურს ბევრი ვისაუბროთ შიდა პოლიტიკაზე, მაგრამ ამერიკის შიდა პოლიტიკური დინამიკა ნამდვილად იღვრება საერთაშორისო სისტემაში, შიდა პოლიტიკა დაკავშირებულია ტრამპის მიდგომასთან რუსეთთან, ჩინეთთან, ახლო აღმოსავლეთთან. არსებობს ფუნდამენტური მნიშვნელობის კითხვები, რომელთა თაობაზე ტრამპს პასუხი არ გაუცია, ზოგადად, ინსტინქტურად, ინდივიდუალურ განზომილებაში, ის არ განიხილება ნეოკონსერვატორთა ნაწილად, ეს მკაფიოა, ტრამპი არ არის ის პრეზიდენტი, რომელიც იტყვის რომ სურს ყველას დაპყრობა“.
„მოდით ასე ვიტყვი, მართალს ბრძანებთ, ის არ არის ნეოკონსერვატორი, ის არ გახლავთ ნეო - ლიბერალი, მაგრამ ბევრი გეტყვით, რომ ტრამპი იზოლაციონისტია. მე მას არ ვეთანხმები, ის მერკანტილური პოლიტიკოსია ვისაც დასავლეთ ნახევარსფეროში სამხედრო ძალის გამოყენება სურს, მე მას ასე დავახასიათებდი“, - აღნიშნა თავის მხრივ დენიელ დრეზნერიმ.
ლაშა კასრაძემ მას დამატებით ჰკითხა - „კი ბატონო, ის არ გახლავთ იზოლაციონისტი, მაგრამ ამავე დროს, ის არ იღებს უპირობოდ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ტრადიციულად აკისრია ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკურ ელიტას. ვგულისხმობ, პირველ რიგში ნატოს და ვაშინგტონის ტრადიციულ როლს ევროპაში. ამ მიდგომას მოაქვს ერთგვარი, გნებავთ საერთო სარგებელი სახელმწიფოებისთვის, როგორიცაა საქართველო. ცვლილებას განიცდის საერთაშორისო სისტემა თავად, მოაქვს მოცემულობა, სადაც საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ მოსკოვთან პრაგმატული პოლიტიკა აწარმოოს, რისთვისაც მას აქამდე აკრიტიკებდნენ. ტრამპმა საერთაშორისო სისტემაში არსებული ეს მოცემულობა გამოიყენა. ამ სურათის ფონზე, უკრაინასთან დაკავშირებით, მაგალითად ტრამპმა განაცხადა, რომ ის ომს 24 საათში დაასრულებს, ამის არავის სჯერა, მაგრამ ეს მშვიდობის განზრახვა ადგილზეა. მე მჯერა ასე და ბევრს კიდევ. რას აპირებს ტრამპი პუტინთან დაკავშირებით? ყველამ იცის რომ პუტინს არაერთხელ უკითხავს საჯაროდ - თუ რას სთავაზობს მოლაპარაკებების მაგიდასთან ტრამპი“.
როგორც დენიელ დრეზნერიმ აღნიშნა, მიაჩნია, რომ უკრაინა - რუსეთის საკითხთან დაკავშირებით დონალდ ტრამპს არ აქვს არავითარი კონკრეტული შეთავაზება.
„მას აქვს იმედი, რომ შეძლებს გამოიყენოს უკრაინაზე გავლენა და კიევს აიძულოს ცეცხლის შეწყვეტას მოაწეროს ხელი. ასე კი მივიღებდით ფრონტის ხაზების სტაბილიზაციას. ამავე დროს, ტრამპს აქვს იმედი, რომ ომით გამოწვეული დანაკარგებისა და ხარჯის გათვალისწინებით, ვლადიმირ პუტინიც ამას დათანხმდება, პუტინი კი შეძლებს საომარი ეკონომიკის სამოქალაქო მიმართულებით კვლავ ამუშავებას. პრობლემა გახლავთ ის, რომ თუ გავითვალისწინებთ ვლადიმირ პუტინის მიერ აქამდე გაკეთებულ განცხადებებს, ის არ ჩანს ცეცხლის შეწყვეტით დაინტერესებული. რუსული გადმოსახედიდან მათ უკვე ანექსირებული აქვთ უკრაინის საკმაოდ მოზრდილი ნაწილი. თუ უკრაინა ამას არ აღიარებს, არ იქნება ცეცხლის შეწყვეტაც, ტრამპის მიერ ზელენსკიზე ზეწოლის მიუხედავად არც უკრაინის პრეზიდენტი დათანხმდება ტერიტორიების დაკარგვას. შესაძლებელია გაყინული კონფლიქტის მსგავსი სცენარი ვიხილოთ. არის რიგი მიზეზები, თუ რატომაც ტრამპი შესაძლოა მზად იყოს ზელენსკიზე ზეწოლისთვის, მაგრამ პრობლემა გახლავთ პუტინის მოთხოვნა უკრაინის დემილიტარიზაციის თაობაზე. უკრაინა ამას არასოდეს დათანხმდება, ეს ხომ უკრაინისთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია. ეს ტრამპისთვის პრობლემას წარმოადგენს. საინტერესოა გავიხსენოთ, რომ ჯო ბაიდენის თაობაზე საჯარო გამოკითხვების თანახმად ის არცთუ ისე მცირე მხარდაჭერას ფლობდა პრეზიდენტობის საწყის ეტაპებზე, მაგრამ მისი მხარდამჭერთა რაოდენობის შეთხელება სწორედ ავღანეთიდან ვაშინგტონის ქაოსურ გამოსვლას ემთხვევა. იყო სხვა მიზეზებიც, მაგრამ ამ კონკრეტულ მაგალითს ვიხსენებ, რადგან ავღანეთიდან გამოსვლა სწორედ ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო. მიუხედავად ამისა, ამერიკის შეერთებული შტატების ავღანეთიდან გამოსვლა საზოგადოებამ უკან დახევად და მარცხად მიიღო. იმ შემთხვევაში თუ ტრამპი გადაწყვეტს უკრაინის ჩახსნას, ვნახავთ ავღანურ სცენარს უკრაინაშიც. არა მგონია ვითარების ასეთი განვითარება ტრამპის რეპუტაციისთვის კარგის მომტანი იყოს. ეს პრობლემა იქნება ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკისთვისაც. ვინაიდან, ეს ზიანს აყენებს ვაშინგტონის როგორც საიმედო პარტნიორის და მოკავშირე სახელმწიფოს სახელს. გულწრფელად რომ გითხრათ, როგორც „დემოკრატების“ ასევე „რესპუბლიკელების“ გასახარად ახლო მომავალში ვიხილავთ მოკავშირე სახელმწიფოების მიერ საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობის აღებას და ვაშინგტონის ამ თვალსაზრისით ჩანაცვლებას. ამ სახელმწიფოებისთვის ნათელია, რომ ვაშინგტონზე დამოკიდებულება უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით აღარ არის მართებული მათი მხრიდან“, - განაცხადა დენიელ დრეზნერიმ.