იანვარში უქმე დღეები განისაზღვრა - მთავრობის დადგენილება
1735055511
„12 წელია ამ ხალხს ოპოზიციური პარტიები და მათი უცხოელი მფარველები აჯერებენ, რომ თითქოს, საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიმართულება არ არის ევროპისკენ მიმართული და 12 წელია ჯიუტად „ქართული ოცნების“ ხელისუფლება წინ და წინ მიდის ევროპული მიმართულებით. „ქართული ოცნება” ერთადერთი ხელისუფლებაა, რომელმაც ხელშესახები შედეგები მოუტანა ქართველ ხალხს ევროპული ინტეგრაციის მხრივ. ოპოზიციის მხარეს კი მხოლოდ საუბარი და პროპაგანდაა, თითქოს, საქართველო სადღაც სხვაგან მიექანება. ყოველ საღამოს თავის მხარდამჭერებს იმ აზრით აძინებენ, რომ უნდა გაიღვიძონ ჩელიაბინსკში და ყოველ დილით ვიღვიძებთ ლამაზ და მშვიდ საქართველოში, რომელიც მიუხედავად იმისა რომ, ბევრი ცდილობს, შეაჯანჯღაროს და არყიოს, მიდის ევროპული მიმართულებით, როგორც ინსტიტუციურად, ისე ეკონომიკურად იზრდება და ევროკავშირის ყველა კანდიდატ წევრს ვუსწრებთ ეკონომიკური ზრდის ტემპით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ვერავინ უარყოფს, რომ აქციების ორგანიზატორებს სიტყვიერი პროტესტის გამოხატვის მიზანი არ ჰქონიათ.
„რატომ იყო ეს ძალადობა? ვერავინ უარყოფს, რომ ამ აქციების ორგანიზატორებს სიტყვიერი პროტესტის გამოხატვისა არანაირი მზიანი არ ჰქონიათ. ვხედავდით, აქცია დაწყებისთანავე, როგორც კი ადამიანების კრიტიკული რაოდენობა შეიკრიბებოდა, იწყებოდა პოლიციელებზე ძალადობა. რა უნდოდათ ჭიჭინაძიდან, 9 აპრილის ქუჩის მხრიდან, რატომ მიდიოდნენ პოლიციელებთან და რატომ შედიოდნენ მათთან კონტაქტში. რუსთაველის გამზირი საკმარისად დიდია, რომ დაიტიოს ის ადამიანების რაოდენობა, ვისაც სურს, პროტესტის გამოხატვა. რატომ მიდიოდნენ პარლამენტის უკანა მხარეს. პირდაპირ ვხედავდით, თავი ჰოლივუდის ფილმში გეგონებოდა, ის თავდასხმა პოლიციელებზე, რაც პიროტექნიკით ხდებოდა. ამას ყველა უყურებდა და ზოგიერთი ამას უტიფრად ეძახდა მშვიდობიან პროტესტს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ყველამ უნდა აღიაროს, რომ ეს აქციები ძალადობრივ ხასიათს იძენდა და ეს ფაქტია.
„როგორც კი პარტიების და მათი მოკავშირე „ენჯეოების“ ოფისებიდან ამოღებული ძალადობისთვის განკუთვნილი საგნები – პიროტექნიკა, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ამოიღეს, როგორც კი დაკავებული იქნენ ამ ძალადობის ორგანიზატორები, იმ წამსვე გახდა მშვიდობიანი. როგორ მოხდა, რომ გუშინ, გუშინწინ არცერთი მაშხალა არ გაისროლეს, არცერთი ქვა არ ისროლეს. თუ ბუნებრივად ასე ხდებოდა, რატომ იყო ორი დღე მშვიდობიანი. ეს ასეც იყო ჩაფიქრებული. დეკემბრისთვის იყო მზადება, გაორმაგებული იყო პიროტექნიკის შეძენა ნოემბრის განმავლობაში. მარაგები იყო მომზადებული, რომ ასეთი ფორმით მომხდარიყო კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ წასვლა. ნახეთ, ამის შედეგი, დაშავებული პოლიციელები, განადგურებული ინფრასტრუქტურა, პარლამენტის შენობას რა დამართეს, ესეც ნახეთ. ამის შემდეგ პოლიცია მრავალჯერ აფრთხილებდა. ვნახეთ, რა შუალედები იყო ძალადობის დაწყებიდან, გაფრთხილებამდე, შემდეგ მოწოდება აქციის დაშლისკენ. რაც ძალადობა იწყებოდა, გადიოდა 1-2 საათი, ჯერ პოლიცია ითმენდა, მოუწოდებდა, იყო საჯარო მოწოდება, იყო აქციის მონაწილეებთან მოწოდება, რომ დაბრუნებულიყვნენ მშვიდობიან ფორმებში და ძალადობა როცა ხდება, პოლიცია ამისთვის ჰყავს ამ ქვეყანას, რომ ძალადობა აღკვეთოს. მხოლოდ ამის შემდეგ იწყებოდა აქციის დაშლა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ძალადობრივი აქციის მართვა ერთ-ერთი ურთულესი საპოლიციო ღონისძიებაა.
„ამის მართვა, დაშლა ისე რომ, მშვიდობიანი მოქალაქე არ დაზიანდეს, ერთ-ერთი ურთულესია, რომელსაც ახლავს რისკი, რომელიც ხდება ძალის გამოყენებით, სხვანაირად ძალადობრივი აქციის დაშლა ვერ მოხდება. რა თქმა უნდა, არის თანმდევი რისკი, რომ სადაც გამოიყენება ლეგიტიმური ძალა, იქ მოხდეს ძალის ჭარბი გამოყენება. ამ რისკის თავიდან ასაცილებლადაა, რომ არის სპეციალური დანაყოფები, რომელიც ზუსტად ასეთი პროცესების მართვისთვის არიან მომზადებული და ხდება ხოლმე რუტინულად მოკვლევა, მოხდა თუ არა გადამეტება და ყველა ამ საკითხზე შესაბამისი პასუხი ექნება საგამოძიებო უწყებებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.