დავით სონღულაშვილი: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერება გარემოს დაცვის პოლიტიკის აღსრულების მნიშვნელოვანი მდგენელია

დავით სონღულაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა და სამმართველოს ოფისში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებიც დაათვალიერა.

ამ ეტაპზე, რეგიონული სამმართველოს ოფისში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც 2025 წლის ბოლომდე დასრულდება.

სამცხე-ჯავახეთში დღეს მთავარი გამოწვევა ტყით უკანონო სარგებლობა, ბრაკონიერობა და წიაღის უკანონო მოპოვებაა. შესაბამისად, რეგიონული სამმართველო ამ მიმართულებებით სამართალდარღვევების პრევენციაზე, აღკვეთასა და გამოვლენაზე აქტიურად მუშაობს.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსტიტუციური გაძლიერება - გამართული ინფრასტრუქტურა, შესაბამისი აღჭურვილობა და პროფესიონალი კადრები, მნიშვნელოვანია იმ მასშტაბური ფუნქციების აღსრულებისთვის, რაც აღნიშნულ დეპარტამენტს აკისრია და რაც თავის თავში მოიაზრებს გარემოზე ზიანის მაქსიმალურად შემცირების უზრუნველყოფას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონულ სამმართველოში მინისტრის მოადგილე აპოლონ კაკაბაძე, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში ზაალ გელაშვილი, ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ლევან ჯღარკავა იმყოფებოდნენ.