„არსებობს საკმაოდ ბევრი მტკიცებულება...“ - ვაკეში მოკლული ბიზნესმენის საქმის ახალი დეტალები
1749154794
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა საქართველოში მეღვინეობა-მევენახეობის დარგის მნიშვნელობაზე, არსებულ მოცემულობაზე და პერსპექტივებზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება 2025 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარების საკითხზე გაამახვილა.
„მოგეხსენებათ, ღვინო და ალკოჰოლიანი სასმელი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია. დღევანდელი მსოფლიო გამოწვევის ფონზე, როდესაც ღვინოზე მოთხოვნა მცირდება, უნდა გვქონდეს ადეკვატური რეაგირება. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრა. საყურადღებოა ხარისხის გაუმჯობესება და კონტროლი, რადგან ქართული ღვინო მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი იყოს. მწარმოებლების მიერ წამოყენებული საკითხები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული. მხოლოდ და მხოლოდ სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს და მეღვინეების ერთობლივი მუშაობით შევძლებთ რთვლის ორგანიზებულად ჩატარებას. თადარიგი თავიდანვე უნდა დავიჭიროთ, რომ ხარისხიანი ყურძენი იყოს შესაბამისად დაფასებული. ორგანიზების ნაწილში, სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი ჩართულობა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, სახელმწიფოს წელს აქვს განსხვავებული მიდგომა და ხარისხიან და უხარისხო ყურძენს ერთ ფასად აღარ ჩაიბარებს.
„ქართული ღვინის წარმატებისთვის და საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრებისთვის აუცილებელია აქცენტი გაკეთდეს ხარისხზე. ღვინო იბადება ვენახში. ყურძნის ხარისხი ერთიორად მნიშვნელოვანია, როდესაც ქართულ ღვინოს წარვადგენთ საერთაშორისო ბაზრებზე; მნიშვნელოვანია ხარისხიანი ყურძნის დაფასება; შესაბამისად, წელს მაღალი და დაბალხარისხიან ყურძნის ფასი განსხვავებული იქნებ“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ.
საუბარი შეეხო სიახლეს - 2025 წლის რთვლის დროს მოსავლის აღრიცხვა ელექტრონული სასწორის მეშვეობით მოხდება. ყველა ის კომპანია, რომელიც მევენახეებისგან შეისყიდის ყურძენს, ვალდებულია იქონიოს ელექტრონული სასწორი, რომელიც ჩართული იქნება რთვლის ერთიან ელექტრონულ ბაზაში. აღნიშნულ ბაზაში ავტომატურად აისახება კომპანიის მიერ შესყიდული ყურძნის რაოდენობა. ელექტრონული სასწორის გამოყენება მონაცემთა აღრიცხვას გაამარტივებს და მეტად დაზუსტებულს გახდის.
ღვინის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრას ღვინის მწარმოებელი 50-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.