1747854625
დავით ქართველიშვილი: რადიკალურ ოპოზიციას არანაირი გეგმა და რესურსი არ გააჩნია - პოლიციისა და სახელმწიფოს დაღლის გამოწვევა მათ არ შეუძლიათ

რადიკალურ ოპოზიციას არანაირი გეგმა და რესურსი არ გააჩნია. მათი ყველაზე რადიკალური ლიდერებიც არ იმყოფებიან საქართველოში. ბევრი მათგანისგან გვსმენია, რომ მათი პროტესტი მილევადია, პოლიციისა და სახელმწიფოს დაღლის გამოწვევა მათ არ შეუძლიათ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა.
„ახლა საინტერესოა, შემდგომ რა გზას დაადგებიან. მოგვდის ინფორმაცია, რომ ზოგიერთი ტრენინგებს ატარებს იმისთვის, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მოამზადოს დამკვირვებლები. წითლიძე აცხადებს, რომ „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ მომხრეები დადიან რეგიონებში და ამზადებენ ნიადაგს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. ესეც საინტერესოა, სატირალი რომ არ იყოს, რადგან თუ შენ უარს იძახი პარლამენტში შესვლაზე, სადეპუტატო მანდატებზე, რა ინტერესი უნდა გაგაჩნდეს მუნიციპალურ საკრებულოს დონეზე არჩევნებში მონაწილეობაზე.
თუკი შენ ერთ შემთხვევაში არ ცნობ ამ ხელისუფლებას ლეგიტიმურად, რა შეიცვლება შენთვის 4 ოქტომბრისთვის. იმის მოლოდინი, რომ წელსაც, ვერტმფრენით ჩამოვა შარლ მიშელი და შეეცდება შენს გადარჩენას პოლიტიკური გზებით, ეს გამორიცხულია. დღეს არავის სცალია აი ამ ე.წ. ოპოზიციისთვის“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.