ნათლობის წესში ცვლილება შევიდა - ნახეთ, ყველა დეტალი
1763754817
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სამხრეთკავკასიური სივრცე ინფრასტრუქტურული და გეოეკონომიკური გადანაწილებების ახალ ფაზაში შევიდა, რაც საქართველოსთვის მკაფიო სიგნალი უნდა იყოს.
მისი თქმით, აუცილებელია საქართველომ გააძლიეროს საკუთარი სატრანზიტო სტრატეგია, მოახდინოს გარე ეკონომიკური კავშირების დივერსიფიკაცია და აქტიური მონაწილეობა მიიღოს ენერგეტიკულ და სატრანსპორტო მოლაპარაკებებში.
„ამასობაში, არც ვაშინგტონის სამიტს ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებთან (რომელიც მიეძღვნა ორგანიზაცია C5+1 დაარსებიდან 10 წლისთავს) უგზო-უკვლოდ ჩვენთვისაც არ ჩაუვლია. ჩვენმა ხელისუფლებამ გამოაცხადა მოლაპარაკებების დაწყება CARTIF-ის შეთანხმებაზე, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს გააფართოოს ეკონომიკური ყოფნა ცენტრალური აზიის ქვეყნებში. დოკუმენტი გულისხმობს ბაზრებზე წვდომის გამარტივებას, სატრანზიტო ნაკადების კოორდინაციას და უფრო მდგრადი ლოგისტიკური ჯაჭვების შექმნას კასპიის რეგიონიდან კავკასიამდე. იმედია, ამას "ტრადიციულად" არ მოჰყვება ქვეყნის "აზიაზიაცია".
საქართველოს ამით ეძლევა ექსპორტის დივერსიფიცირების შესაძლებლობა, რომელიც დღეს შედარებით მცირე რაოდენობის ბაზრებზეა დამოკიდებული.
ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში შეთანხმება აძლიერებს ქვეყნის როლს, როგორც ევრაზიაში სატრანზიტო კვანძს, რაც ამცირებს დამოკიდებულებას დასავლურ ან ჩრდილოეთის პოლიტიკური კონიუნქტურისგან. CAREC-ის ჩარჩოში (Central Asia Regional Economic Cooperation) პარტნიორობა, რომელიც აერთიანებს ასზე მეტ სახელმწიფოს, აძლევს საქართველოს საშუალებას იმოქმედოს, როგორც დამოუკიდებელი რეგიონული მოთამაშე და არა როგორც "დიდი ძალების" რეგიონული დანამატი.
არ გამოგვრჩეს ასევე საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტი, რომელმაც ჩვენთან ახალ ტრანსკავკასიურ მარშრუტზე კონსულტაციები გამართა, რათა განეხილათ Trump Route (TRIPP) - აზერბაიჯან–სომხეთის შესაძლო (!) სატრანსპორტო-ლოგისტიკური დერეფანი. ეს საკითხი ჩვენთვის განსაკუთრებით მგრძნობიარეა. მარშრუტის ნაწილს აქვს საქართველოს გვერდის ავლის პერსპექტივები, რამაც შესაძლოა რეგიონში ძალთა განაწილება შეცვალოს. თუ მარშრუტი საქართველოს გვერდის ავლით გაივლის, ქვეყნის სატრანზიტო წონა შეიძლება შემცირდეს, რაც ზემოქმედებს ეკონომიკაზე, გავლენაზე და რეგიონულ სტატუსზე.
თუმცა, სომხეთი ოფიციალურად აცხადებს, რომ „საქართველოს მნიშვნელობა ამ პროექტით პირიქით - გაიზრდება“, თუმცა რას გულისხმობს, დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. სუვერენული პოლიტიკის წარმართვის კუთხით, ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც საქართველოს პოზიციაზეა დამოკიდებული, დარჩება თუ არა ქვეყანა სამხრეთ კავკასიის ცენტრალურ ფიგურად, თუ გადაიქცევა პერიფერიულ მოთამაშედ, რაზეც ოცნებობენ ქვეყნის გარე და შიდა მტრები და თავისი ყოველდღიური მავნებლობით ამას ხელს უწყობენ სიტყვითაც და საქმითაც.
ამავდროულად, აზერბაიჯანი თურქეთის მეორე უდიდესი გაზის მომწოდებელი გახდა (და ირანს გაასწრო). ეს კი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური სიგნალია მთელი რეგიონისთვის. სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული რუკა იცვლება და მასთან ერთად - პოლიტიკური ბალანსებიც. აქ კი, მთავარი გაზსადენები საქართველოს ტერიტორიაზე გადის ან მის უშუალო სიახლოვეში. ბაქო–ანკარის გამტკიცებული ტანდემი რეგიონში აზერბაიჯანის გავლენას ზრდის, რაც ზრდის საქართველოს საკუთარი ენერგეტიკული როლის დაცვის საჭიროებას. და თქვენ ვერ მომიყვანთ მაგალითად, ქვეყნის მტრების ბანაკებიდან, ვერც ერთ წუხილს ან თანადგომის ნიშანს რომ საქართველოს რეგიონული როლის გაძლიერება მათაც აწუხებთ და მათ ინტერესებშიც შედის.
ეს არის მხოლოდ ბოლო დღეების დინამიკა, რომელიც ნათლად აჩვენებს, რომ სამხრეთკავკასიური სივრცე შევიდა ინფრასტრუქტურული და გეოეკონომიკური გადანაწილებების ახალ ფაზაში. საქართველოსთვის ეს მხოლოდ საგარეო პოლიტიკური სიახლე არაა - ეს არის მკაფიო სიგნალი, რომ საჭიროა:
საკუთარი სატრანზიტო სტრატეგიის გაძლიერება, რათა ქვეყანა ახალი მარშრუტების ფონზე - "გვერდზე მყოფი" ან "სათადარიგო მოთამაშის" როლში არ აღმოჩნდეს;
მოახდინოს გარე ეკონომიკური კავშირების დივერსიფიკაცია, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურული კონკურენციის პირობებში;
აქტიური მონაწილეობა მიიღოს ენერგეტიკულ და სატრანსპორტო მოლაპარაკებებში, რათა საქართველომ არ დაკარგოს ცენტრალური როლი რეგიონში.
ჩვენს გარშემო გეოპოლიტიკური გარემო სწრაფად იცვლება და თითოეული დღე ამოწმებს საქართველოს უნარს დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი და გრძელვადიანი ეროვნული ინტერესები. ერთადერთი, რაც სტაბილურია, ქვეყნის შიდა მავნებლების ორი ბანაკის სიტუაციური მეკავშირეობა და მათი გარე მფარველების ღია მტრობა ყველაფერთან, რაც საქართველოს სამშვიდობო სტაბილურობასთან არის დაკავშირებული,“ - წერს დავით ქართველიშვილი.