დავით მათიკაშვილი: სრული უტიფრობაა, როცა სიცრუეს 18 სუბიექტი აწერს ხელს, ეს იყო პირდაპირი რევანში, რომ „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში დააბრუნონ

 დავით მათიკაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის შეფასებით, 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადება დეზინფორმაციითაა გაჯერებული და კრიტიკას ვერ უძლებს.

მათიკაშვილის თქმით, ხორციელდება ზეწოლა, რადგან ქართველმა ხალხმა ხელისუფლებაში მარიონეტები არ მოიყვანა.

„სამწუხაროდ, სრულ უტიფრობას ვაწყდებით, როცა სიცრუეს და დეზინფორმაციას 18 სუბიექტი აწერს ხელს. ტექსტიც და შინაარსიც რეალობას აცდენილია. მათ ვერ გაუმართლეს იმედი, რაც ჰქონდათ, რადგან ქართველმა ხალხმა ხელისუფლებაში მარიონეტები არ მოიყვანა. ეს ის ძალებია, ვისაც „დიფ სთეითს“ ვეძახით. ღირსების საკითხია, რომ როცა წერილს წერ და აქვეყნებ, შინაარსი სიმართლესთან უნდა იყოს ახლოს. წერილი თავიდან ბოლომდე დეზინფორმაციით როცა არის გაჯერებული, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. სამწუხაროდ, უტიფრობის ზღვარს გადააცილეს. ზეწოლა ხორციელდება, რადგან ქართველმა ხალხმა არ შეასრულა ის, რისი სურვილიც ამ ძალებს ჰქონდათ. ეს იყო პირდაპირი რევანში, რომ „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში დააბრუნონ. თვითმმართველობის არჩევნებია მოახლოებული და რადიკალებს მაცოცხლებელი ენერგია სჭირდებათ. წერილის ავტორებს ჰგონიათ, რომ ტყუილებით გაჯერებულ შინაარსს ქართული საზოგადოება მიიღებს და საკუთარ სამშობლოს არ დაუდგება გვერდში, მარიონეტების გვერდში დადგება“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

საქართველოსთან დაკავშირებით 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ევროპის კავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადების ავტორები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან“.

აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო. როგორც პოლიტსაბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, „18 ევროპელი ჩინოვნიკის წერილი შეგვახსენებს, რამდენად ღრმად არის ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობასა და დიდ ბრიტანეთში ფესვგადგმული „დიფ სთეითის“ არაფორმალური მმართველობა“.