დავით მათიკაშვილი საყვარელიძის განცხადებაზე: ეს არის აღიარება იმისა, თუ რა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენა მოღალატეობრივმა მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს სახელმწიფოებრიობა

დავით მათიკაშვილი

დავით მათიკაშვილმა დავით საყვარელიძის განცხადება შეაფასა. საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ეს განცხადება ნაწილობრივ წერტილს უსვამს სპეკულაციებს აგვისტოს ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით და პასუხს სცემს კითხვას, თუ ვინ იყო დამნაშავე.

„ეს არის აღიარება იმისა, თუ რა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენა მოღალატეობრივმა მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს სახელმწიფოებრიობა. ეს არის ის ტყუილები და ტყუილებში წამოცდენები, რითაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ პასუხი ეძლევა იმაზე, თუ ვინ იყო რეალური დამნაშავე 2008 წლის ტრაგედიაში - რა თქმა უნდა, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ერთად, პირველ რიგში ეს იყო მიხეილ სააკაშვილის მოღალატეობრივი სისტემა და რეჟიმი, რომელმაც ქვეყანა პრაქტიკულად განადგურების წინაშე დააყენა“, - მიიჩნევს მათიკაშვილი.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დავით საყვარელიძე იაგო ხვიჩიას გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს იხსენებს: „2008 წლის აგვისტოს ომი საკმაოდ მძიმედ აისახა. წინა დღეს სხვა განწყობა იყო, ხალხში მაინც იყო იმედი, რომ ტერიტორიული მთლიანობა შეიძლება რაღაც ფორმით აღვადგინოთ, მაგრამ მეორე დილას, როდესაც თავზე გადაგვიფრინა რუსულმა ბომბდამშენმა მივხვდი, რომ ეს არის ჩვენი რეალობა“