დავით მათიკაშვილი: პოლიტიკური მანტია ინდულგენცია ვერ იქნება ვერავისთვის, ელენე ხოშტარია იმიტომ არის ციხეში, რომ მის მიმართ დაწესებული მსუბუქი ღონისძიება არ დააკმაყოფილა, გირაო არ გადაიხადა

დავით მათიკაშვილი

გირაო სავალდებულოდ გადასახდელია და ეს ყველას ეხება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური მანტია ინდულგენცია ვერ იქნება ვერავისთვის, მათ შორის ვერც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლისთვის.

„გირაოს შეგნებულად თუ არ იხდი და შენ მიმართ სისხლის სამართლებრივი წესი მოქმედებს, ეს ის უეჭველი შედეგია, რასაც დიდი განჭვრეტა არ სჭირდება. ეს მოცემულობა სჭირდებათ. ეს ყველაფერი მიზანს ემსახურება – ნახეთ, როგორ იჩაგრებიან საქართველოში ადამიანები და მათ მიმართ როგორ ხორციელდება ზეწოლაო. ელენე ხოშტარია იმიტომ არის ციხეში, რომ მის მიმართ დაწესებული მსუბუქი ღონისძიება არ დააკმაყოფილა, გირაო არ გადაიხადა. ნიკა მელიას მსგავსი საქმე გახსოვთ, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ გაამტყუნა და საქართველო გაამართლა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

სამართალდამცველებმა ხოშტარია 2025 წლის წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას სისხლის სამართლის 187-ე მუხლით წარედგინა ბრალი, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. შემთხვევა 14 სექტემბერს მოხდა, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან. ელენე ხოშტარიამ კახა კალაძის ბანერს გაუკეთა წარწერა „რუსული ოცნება“. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში პოლიტიკოსმა თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებდა მეგი დიასამიძეს, რომელიც სწორედ კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს, შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

სასამართლომ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ბრალდებულ პოლიტიკოსს, ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა. პოლიტიკოსი საპატიმრო დაწესებულების დატოვებას გირაოს გადახდის შემდგომ შეძლებდა, თუმცა ხოშტარიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.