დავით მათიკაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, რადგან ელემენტარული მხარდაჭერის მიღების იმედი არ აქვთ

 დავით მათიკაშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ 3 ოქტომბრის რამდენიმე საარჩევნო ოლქში შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, რადგან ელემენტარული მხარდაჭერის იმედი არ აქვთ, –  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

დავით მათიკაშვილმა კომენტარი გააკეთა ინფორმაციზე, რომ რამდენიმე საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები იმართება და „ნაციონალური მოძრაობა“ მასში მონაწილეობას არ აპირებს.

მისი თქმით, შეთქმულების თეორიაა, თითქოს ისეთი გარემო იქმნება, ყველაფერი სახელისუფლო რგოლს საკუთარი კონტროლის ქვეშ აქვს და ამიყომ სხვა პარტია ვერ გაიმარჯვებს.

„ძალიან მარტივი ტყუილი, თითიდან გამოწოვილი ამბავია. 2012 წლის არჩევნებმა დაამტკიცა, რომ ხალხის ნება როდესაც არსებობს, მას წინ ვერაფერი დაუდგება. ახლა ნულს ქვემოთ სარეიტინგო პოზიცია აქვთ, რაც თავად ძალიან კარგად იციან. ათას ტყუილს მოიგონებენ თავის გასამართლებლად, მაგრამ სიმართლე ეს არის – მათი ნდობა პრაქტიკულად ნულთან არის, ისევე როგორც, საერთოდ, აგენტურული ოპოზიციის, ისევე როგორც აგენტობის ნდობა საქართველოს მოსახლეობის თვალში“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.