დავით მათიკაშვილი: ფიასკოს ფიასკოზე განიცდის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ თავისი დანაყოფებით და ასე გააგრძელონ. ეს არის ის გზა, რომელიც აწყობს ქართველ ხალხს თავისუფლებისთვის

 დავით მათიკაშვილი

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის შესაძლო სტრატეგიაზე და „ლელოსა“ და გახარიას პარტიას შორის თანამშრომლობაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, ამჟამად საზოგადოება გადაჯგუფების პროცესს აკვირდება.

„შარშან იყო მცდელობა - სალომე ზურაბიშვილის გამოკვეთა უნდოდათ, შუაშისტური ძალების ლიდერად. ეს ბუნებრივია, არ გამოუვიდათ იმიტომ, რომ გამორიცხულია, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მთლიანი წიაღიდან ამ ქალის ამოყვანა, როცა შიგნით თვითონ არის თავით ჩამხტარი.

იგივე ხდება დღეს. დღეს ამ ძალებმა გარკვეული გამოცდილება მიიღეს. თუმცა, საზოგადოების პოლიტიკურ მაჯისცემას ვერ აკვირდებიან. ამ გამოცდილების ფონზე ისინი ფიქრობენ, რომ ამ დაპირისპირების ინსპირირების ჭრილში, თითქოს, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ კი არ არის, არამედ ორთოდოქსი „ნაცები“ და დანარჩენი ვითომ შუაშისტური ძალები, საზოგადოების მოტყუებას მარტივად შეძლებენ.

ეს მემორანდუმიც ამიტომ არის გაფორმებული, ეს ყოველდღიური ლანძღვა ერთმანეთისა საზოგადოებისთვის ამიტომ არის წარმოდგენილი, რომ ხალხს უთხრან, „აი, ნახეთ ესენი „ნაცები“ კი არ არიან, იმ ძალის გაგრძელება კი არ არიან, 2012 წლამდე რომ აწამებდა, აუპატიურებდა, კლავდა, ქონებას იტაცებდა, ქართულ მიწა-წყალს არიგებდა, ქართულ ჯარს და მოსახლეობას საფრთხეში აგდებდა“, არამედ ყოფილა თურმე, ახალი შუაშისტური ძალა.

გამორიცხულია, რომ იმ სიმართლეში, რომელიც საზოგადოებამ იცის არაჩვეულებრივად, რაღაც ტყუილი ისე გაასაღო, რომ ხალხს ეს ტყუილი სიმართლედ აჩვენო.

ხაზარაძე, ჯაფარიძე, ეს ბანკირები და თავის დროზე „ნაცმოძრაობის“ ჯიბეები... აქეთ კიდევ გიორგი გახარია, რომელმაც თავისი საქმიანობის ძალიან დიდი ნაწილი „ნაცმოძრაობას“ გარს შემოახვია და და მისთვის გააკეთა აბსოლუტურად ყველაფერი, ესეც ხომ კარგად იცის საზოგადოებამ. ის, რომ 4 მუნიციპალიტეტში აქვთ არაჩვეულებრივი ერთობა და საკრებულოს დონეზე შეხმატკბილებული საქმიანობა გახარიას და „ნაცმოძრაობას“, საზოგადოებამ ეს არ იცის?”, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისი შეფასებით, სწორედ იმიტომ, რომ ოპოზიცია საზოგადოების პოლიტიკურ მაჯისცემას ყურს არ უგდებს, ფიასკოს ფიასკოზე განიცდის.

„საზოგადოების პოლიტიკურ მაჯისცემას არ უგდებენ ყურს და მხოლოდ ბოკუჩავასგან, ხაბეიშვილისგან და თუნდაც, გახარიასგან მიწოდებული ინფორმაციის შედეგად რომ ადგენენ უცხოეთში სტრატეგიებს საქართველოსთან დაკავშირებით, იმიტომაც არის, რომ ფიასკოს ფიასკოზე განიცდის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ თავისი დანაყოფებით და ასე გააგრძელონ. ეს არის ის გზა, რომელიც აწყობს ქართველ ხალხს თავისუფლებისთვის”, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.