დავით მათიკაშვილი: დონალდ ტრამპისადმი მიხეილ ყაველაშვილის წერილში მეგობრობის, ნამდვილი პარტნიორობის გარდა, არაფერია მოთხოვნილი, რაც ორივე ქვეყნის ინტერესში შედის

დავით მათიკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის სურვილია, საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყონ, ურთიერთობები იყოს არა მხოლოდ ქაღალდზე, არამედ რეალურ საქმეში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილზე, რომლითაც ყაველაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მიმართა.

„მიხეილ ყაველაშვილმა დეტალურად აღწერა ის მოსაზრება და ჩვენი ქვეყნის სურვილი, რაც საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებით აქვს. დონალდ ტრამპის როგორც წინასაარჩევნო კამპანია, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით მისი წიაღსვლები გამორჩეულად ესადაგება „ქართული ოცმების“ გაცხადებულ პოლიტიკას როგორც ლგბტ თემთან, მის პროპაგანდასთან დაკავშირებით, ასევე ოჯახური ღირებულებების დაცვასთან, ქვეყნების მიერ სუვერენიტეტის დაცვასთან დაკავშირებით. კარგად მოგეხსენებათ დონალდ ტრამპის გადადგმული ნაბიჯები USAID-თან, NED-თან დაკავშირებით. ის აღიარებები, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან დღესაც ვისმენთ, თუ როგორ ანტიდემოკრატიულ პროცესებს აფინანსებდა USAID-ი. ამის შესახებ „ქართულ ოცნებას“ დიდი ხნით ადრე ჰქონდა საკუთარი პოზიცია გაცხადებული, თუნდაც იმ საკანონმდებლო ცვლილებების მიღებით, რომელიც გამჭვირვალობის კანონს ეხება. „ფარას“ კანონმდებლობა სიტყვასიტყვით გადმოვიღეთ ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი საკანონმდებლო დანაწესებიდან, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაციის და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოზიცია ერთმანეთთან თანხვედრაშია. ამ ყველაფრის მიუხედავად, მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია მეზობელ ქვეყნებთან ცდილობს ურთიერთობების გაღრმავებას, საქართველოსთან მიმართებით აქტიურობა არ ჩანს. შესაბამისად, სრულიად უსამართლოდ არის გაუქმებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის გადაწყვეტილებაც წინა ადმინისტრაციამ, პრაქტიკულად, არჩევნებში დამარცხების შემდეგ მიიღო. ჩვენთვის გაუგებრად გააუქმა სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი, რომლისადმი თუ რაიმე ფორმით ხდებოდა უპატივცემულობა, ასეთი პროცესების წარმართვა ხდებოდა შეერთებული შტატების მხრიდან. ჩვენი და საქართველოს პრეზიდენტის სურვილია, საქართველომ და ამერიკის შეერატებულმა შტატებმა ურთიერთობები ახალი ფურცლიდან, გზამკვლევით დაიწყონ, ეს ურთიერთობები გადაიტვირთოს და პარტნიორული ურთიერთობები იყოს არა მხოლოდ ქაღალდზე, არამედ საქმეში. საქართველოსთან მიმართებით ჩანდეს არა „დიფ სთეითის“ გავლენების კონფიგურაციები, რომელიც, სამწუხაროდ, კიდევ იგრძნობა, არამედ ქვეყნებს შორის ურთიერთობა. ბუნებრივია, ეს წაადგება როგორც ქართველ, ასევე ამერიკელ ხალხს და ჩვენს სახელმწიფოებს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს, როგორი იქნება უკუკავშირი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, მათიკაშვილმა უპასუხა:

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ წერილის შინაარსი და წიაღსვლები ადრესატამდე იყოს მისული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაცია ადეკვატურად მიუდგეს იმ მოცემულობას, რაც საქართველოს პრეზიდენტის მიერ წერილშია ნათქვამი. აქ მეგობრობის, ნამდვილი პარტნიორობის გარდა, არაფერია მოთხოვნილი, რაც ორივე ქვეყნის ინტერესში შედის. წინასწარ ვერ გეტყვით, ამ ყველაფერს რა შედეგი მოჰყვება, მაგრამ მიღებული, გააზრებული თუ იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მიერ და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება, ნამდვილად პოზიტიური ნაბიჯი და გზავნილი იქნება როგორც ქართველი ისე ამერიკელი ხალხისთვის“.

დავით მათიკაშვილს ასევე ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ვინ დაწერა ღია წერილი, რაზეც მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ ეს კითხვა სპეკულაციურია.

„საქართველოს პრეზიდენტმა თავისი ღია წერილი გაუგზავნა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დანარჩენი სპეკულაციებია“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.