დავით მათიკაშვილი: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნგრელმა ხალხმა დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და მათ გადაწყვეტილებაზე ზეწოლამ და ჩარევამ არ იქონიოს გავლენა

დავით მათიკაშვილი

 დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. 06:00 საათზე გაიხსნა საარჩევნო უბნები. ჩვენ წარმოვადგენთ დამკვირვებლებს, მოვიარეთ რამდენიმე საარჩევნო უბანი, დავაკვირდით ხმის მიცემის პროცესს და აქამდე არსებული ვითარება არის წყნარი და მშვიდი, - განუცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა უნგრეთში ჟურნალისტებს.

მისი თქმით, რაიმე გამორჩეულ ექსცესს, ამ დრომდე ადგილი არ ჰქონია.

„მოქალაქეებს აქვთ საშუალება თავისუფლად დააფიქსირონ აზრი, ხმა მისცენ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ემხრობიან. მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია უნგრეთი, ხდება გარკვეული ზეწოლა ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან, ემხრობიან კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნგრელმა ხალხმა დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და მათ გადაწყვეტილებაზე ზეწოლამ და ჩარევამ არ იქონიოს გავლენა. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში იყვნენ ისეთი ხელისუფლებები, რომლებიც ოჯახურ ღირებულებებს, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას და ყველა იმ ტრადიციულ მიმართულებებს იზიარებენ, რაც არის ჩვენი ქვეყნის და ხელისუფლების პოლიტიკის თახვედრაში“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

უნგრეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

დღეს დილიდან, უნგრეთის 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოდან საპარლამენტო დელეგაცია სხვადასხვა საარჩევნო უბანზე აკვირდება.

ქართველი დეპუტატები ბუდაპეშტში უნგრული მხარის მიწვევით, ასევე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მისიის ფარგლებში იმყოფებიან.