დავით მათიკაშვილი: ბრიუსელის ბიუროკრატია უნდა დაუბრუნდეს ღირებულებებს, რის გარშემოც ევროკავშირი შეიქმნა, ვხედავთ დიდ უფსკრულს, რომელიც გაჩნდა დემოკრატიასა და ევროჩინოვნიკებს შორის

დავით მათიკაშვილი

ბრიუსელის დღევანდელი ბიუროკრატია იმ ღირებულებებს უნდა დაუბრუნდეს, რის გარშემოც ევროკავშირი შეიქმნა. სამწუხაროდ, თვალნათლივ ვხედავთ იმ დიდ უფსკრულს, რომელიც ევრობიუროკრატიისა და არაფორმალური მმართველობების სურვილებით გაჩნდა დემოკრატიასა და ევროჩინოვნიკებს შორის, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხშირ შემთხვევაში, ევროპული სახელმწიფოების ხალხისა და ბრიუსელის ნება-სურვილი ერთმანეთს ეწინააღმდეგება.

„ხშირად ამაზე უკვე ამ ქვეყნების წარმომადგენლები საუბრობენ. ამერიკის კრიტიკის შემდეგ ერთგვარი გაშიშვლება მოხდა იმ სამწუხარო რეალობისა, რომელიც ევროკავშირს მრუდე დღის წესრიგით აქვს. რაც შეეხება დაფინანსებას და ასე შემდეგ, მერამდენედ უნდა აღიარონ, რომ ევროკავშირიდან კანონის გვერდის ავლით რაღაც ფორმით რადიკალიზმის წახალისების მცდელობა იყო და, სამწუხაროდ, კიდევ გრძელდება. არადა, მარტივია მოცემულობა – არანაირი გვერდითი გზები საჭირო არ არის. საქართველოში საკანონმდებლო სივრცეები მოქმედებს, რომლითაც თავისუფლად შეუძლიათ ნებისმიერი დაფინანსება, უბრალოდ, ეს თანხები გამჭვირვალე უნდა იყოს და საზოგადოებამ იცოდეს, რისთვის შემოედინენა საქართველოში. მათი მხრიდან თურმე კანონიერი გზები კი არა, უკანონო გზებია მოსაძებნი, რათა რადიკალიზმი კვლავ წაახალისონ. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ევროსკეპტიციზმის გაღვივების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.