დავით მათიკაშვილი: არ ვიცი, რატომ უნდა ესტონეთის ელჩს, საქართველო არ გაჰყვეს განათლების რეფორმის ესტონურ მოდელს, გადაიკითხონ ვენის კონვენცია, როგორ უნდა მოიქცნენ ქვეყანაში, სადაც არიან წარდგენილი

 დავით მათიკაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, განათლების უმაღლესი რეფორმის ესტონურ მოდელს ეწინააღმდეგება საქართველოში ესტონეთის ელჩი, რომელიც მუშაობას სომხეთში გააგრძელებს.

მათიკაშვილის თქმით, ვენის კონვენცია განსაზღვრავს, როგორ უნდა მოიქცეს ელჩი ქვეყანაში, სადაც არის წარდგენილი.

„სომხეთში ესტონეთის ელჩი იმაზე მეტად „ზრუნავს“ საქართველოს განათლების სისტემაზე, ვიდრე ქართველი ხალხი და მილიონ 120 ათასი ამომრჩევლით არჩეული ხელისუფლება. არ ვიცი, რატომ უნდა ესტონეთის ელჩს და ზოგადად, ესტონეთს, რომ საქართველო არ გაჰყვეს განათლების რეფორმის წარმატებულ ესტონურ მოდელს, რომელმაც გაამართლა ესტონეთში, სადაც გამსხვილდა უნივერსიტეტები, სწავლის ხარისხი არის საკმაოდ მაღალი, ყოველ შემთხვევაში, იმაზე მაღალი, ვიდრე საქართველოში. მსოფლიო რეიტინგებით, ესტონეთის უნივერსიტეტები 300 საუკეთესო უნივერსიტეტში შედიან, საქართველოს უნივერსიტეტები და ინსტიტუტები კი, ათასს უკან გახლავთ ამ რეიტინგით. ამ მოცემულობაში, რეფორმას, რომლის გზა და მიმართულებაც, მათ შორის ესტონური მოდელია, ეწინააღმდეგება ესტონეთის ელჩი და ფსევდო მხარდაჭერას აცხადებს, ფოტოებს აქვეყნებს ისეთ მოცემულობაში, სადაც მას აბსოლუტურად არ ესაქმება. კარგად გადაიკითხონ ვენის კონვენცია და აღმოაჩენენ მათთვის საინტერესო პოსტულატებს, როგორ უნდა მოიქცნენ იმ ქვეყანაში, სადაც არიან წარდგენილი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.