დავით მათიკაშვილი: არ მგონია, ღირსეულმა და თავმოყვარე სახელმწიფომ ტაშით მიიღოს სუვერენიტეტში ჩარევა, რასაც ბრიუსელი ცდილობს

დავით მათიკაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ბრიუსელი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების სუვერენიტეტში ჩარევას ცდილობს.

მათიკაშვილის თქმით, ე.წ. ვეტინგის პირობებში სახელმწიფოს უუქმდება სუვერენიტეტი.

„ბრიუსელის ბიუროკრატიას თუ სურს, რომ ევროკავშირის დემონტაჟი განახორციელოს და პირდაპირი მნიშვნელობით საბჭოთა კავშირს დაამსგავსოს, ნუ ერიდებათ, გამოვიდნენ და ხმამაღლა განაცხადონ. ვეტინგის პირობებში სახელმწიფოს უუქმდება სუვერენიტეტი. განსაკუთრებით, ახალ წევრებს, რომლებიც ახლა კანდიდატები არიან. მათი ხელისუფლებების ნაცვლად, გადაწყვეტილებებს ბრიუსელში მიიღებენ ის ბიუროკრატები, რომლებიც მოკალათებული არიან სავარძლებში. მონტენეგროში საკონსტიტუციო ცვლილებებს იღებენ და ხელისუფლება ვეტინგს უნდა დაექვემდებაროს. ეს გარედან იქნება ნაკარნახევი და ვისი ხელიდან, კაცმა არ იცის. დემოკრატიის პრინციპის მიღმა ე.წ. ექსპერტებმა უნდა შეამოწმონ, კონკრეტული მოსამართლე კეთილსინდისიერი თუ – არა. ეს არის აბსურდი. ევროკავშირს საბჭოთა კავშირს შემთხვევით არ ვადარებთ. ეს ის ღერძია, რომლითაც საბჭოთა კავშირმა დაქვემდებარებული რესპუბლიკების მართვა გადაწყვიტა და ამას ახორციელებდა. არ მგონია, ღირსეულმა და თავმოყვარე სახელმწიფომ ტაშით მიიღოს სუვერენიტეტში ჩარევა, რასაც ბრიუსელი ცდილობს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

✕