1794936548
შალვა პაპუაშვილი: ქურდს ქუდი ეწვისო, ქალბატონ სალომე სამადაშვილზეა ნათქვამი, ისტორიას ვერ გადაწერთ, ნათქვამ სიტყვას ვერ წაშლით, ისტერია ამას ვეღარ უშველის
ქურდს ქუდი ეწვისო, ქალბატონ სალომე სამადაშვილზეა ნათქვამი, ვინაიდან სწორედ ის იყო „ლელოს“ წარმომადგენლებთან ჩემი შეხვედრისას, ვინც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას ითხოვდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ისტორიას ვერ გადაწერენ და ნათქვამ სიტყვას ვერ წაშლიან. მისი თქმით, ისტერია ამას ვეღარ უშველის.
„ქურდს ქუდი ეწვისო – ქალბატონ სალომე სამადაშვილზეა ნათქვამი, ვინაიდან სწორედ ის იყო „ლელოს“ წარმომადგენლებთან ჩემი შეხვედრისას, ვინც პარლამენტის წინ რადიკალური ოპოზიციის მიტინგის შეძახილებზე მითითებით, მათი მოთხოვნების შესრულებას მოითხოვდა – რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას, რომლებიც, სხვათა შორის, იმ მომენტში უკვე თბილისის აეროპორტში იყვნენ შეკრებილი.
ისტორიას ვერ გადაწერთ, ნათქვამ სიტყვას ვერ წაშლით. ისტერია ამას ვეღარ უშველის. მით უმეტეს, როდესაც იმავეს ითხოვდით 2022 წლის პირველ მარტს პარლამენტში გამოსვლისას. შეხსენებისთვის, ეს ის დღეა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან ელჩი გაიწვია და თავადვე დაასახელა ელჩის გაწვევის ორი მიზეზი: საქართველოს ხელისუფლების უარი მებრძოლი მოხალისეების გაგზავნასა და რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე.
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ვხედავთ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლობის სასოწარკვეთილ მცდელობას, გადაწერონ ისტორია და დაგვავიწყონ, როგორ აქციეს ზურგი საკუთარ ქვეყანას და გარე ძალებს აყოლილები, როგორ გვითრევდნენ ახალ, დამანგრეველ ომში. ამიტომ არის „ბათუმის პროცესი“ ქართული „ნიურნბერგის პროცესი““, – წერს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ქოცმედია 2022 წლის გამოსვლას ატრიალებს, რომელშიც უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერას მოვითხოვ, პაპუაშვილმა თავადვე აღიარა, რომ მოიტყუა, მასთან მეომრების გაგზავნაზე საუბარი არ ყოფილა“.









