დაველოდებით, რა ნაბიჯებს გადადგამენ ჩვენი კოლეგები, იტყვიან თუ არა უარს დაფინანსებაზე და ჩვენც იმავეს გავაკეთებთ - იაგო ხვიჩია

„გირჩის“ ლიდერი

არჩევნების შედეგებს მთელი ოპოზიცია თუ მართლა არალეგიტიმურად ცნობს, ახალი არჩევნები ჩაინიშნება, თუმცა, ვინაიდან ნაკლებად გვჯერა, რომ ჩვენი კოლეგები ამას იზამენ, დაველოდებით, რა ნაბიჯებს გადადგამენ, ჩახსნიან თუ არა სიას, იტყვიან თუ არა უარს საპარლამენტო დაფინანსებაზე, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ოპოზიცია ასე მოიქცევა, „გირჩიც“ მზად არის, უარი თქვას დაფინანსებაზე.

„ჩვენ წელსაც იგივე პოზიცია გვაქვს, რაც 2020 წელს გვქონდა, რომ არალეგიტიმურად ცნობა პარლამენტის და არჩევნების რაღაცას ნიშნავს. პირველ რიგში, ეს ნიშნავს იმ სამართლებრივი შედეგების გაუქმებას, რაც ამ არჩევნებს მოყვა. სამართლებრივი შედეგები ამ არჩევნებს მოყვა არა მხოლოდ ხელისუფლებისთვის, არამედ ოპოზიციისთვისაც. ჩვენ ვეუბნებოდით, რომ ამ არჩევნებს და მის სამართლებრივ შედეგებს თუ არ ვცნობთ, უარი უნდა ვთქვათ ჩვენს დაფინანსებაზე, საპარლამენტო მანდატებზე და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე. ეს სამი ფაქტორი აუცილებელია, რათა ვიღაცამ სერიოზულად შემოგვხედოს და სერიოზულად აღიქვას ის, რომ ჩვენ მართლა არ ვცნობთ არჩევნების შედეგებს. მაშინ ამას ფაქტობრივად ყველა პარტიისგან უარი მოყვა, არ გამოვიდა და დღესაც იგივე ხალხია მოსული, იგივე ხალხი იგივე საქმეს აკეთებს, ამიტომ შედეგსაც იმავეს ველოდები, ცოტა ხანს იჭაჭყანებენ, ერთმანეთს გალანძღავენ და მერე ერთმანეთის მიყოლებით შევლენ პარლამენტში.

ჩვენ ამ არჩევნების შედეგად მივიღეთ დაახლოებით 3,5 მილიონ ლარამდე დაფინანსება ოთხ წელიწადში. ჩვენმა კოლეგებმა ჯამში მიიღეს დაახლოებით 25 მილიონამდე და 50-ზე მეტი მანდატი. არჩევნების შედეგებს მთელი ოპოზიცია, ყველა ერთად თუ მართლა ვცნობთ არალეგიტიმურად და არცერთ მის შედეგს არ მივიღებთ, დარწმუნებული ვარ, ახალი არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში ჩაინიშნება. თუმცა, ვინაიდან ნაკლებად გვჯერა, რომ ჩვენი კოლეგები ამას იზამენ, ჩვენი პირობა ასეთია, დაველოდებით, რა ნაბიჯებს გადადგამენ, ჩახსნიან თუ არა სიას, იტყვიან თუ არა უარს საპარლამენტო დაფინანსებაზე. თუ მართლა ასე მოიქცევიან, ჩვენც იმავეს გავაკეთებთ, რადგან თავისთავად ცხადია, რომ ეს არჩევნები ჩატარდა უკანონოდ. ოპოზიციას უწევს უფრო მკაფიო ნაბიჯების გადადგმა ხალხის დასარწმუნებლად, ქუჩაში რომ გამოვიდეს და ჩემი აზრით, ეს მკაფიო ნაბიჯი, ამ არჩევნების არცნობა იქნებოდა რეალური, საქმიანი და არა ის არასერიოზული ქმედებები, რასაც აქამდე ვხედავთ, თითქოს პარლამენტში არ შედიან და შემდეგ, კარგი შეპატიჟების შემდეგ, შედიან“, – განაცხადა ხვიჩიამ.