„დაუშენს კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის ცენტრი გაიხსნება“ - ბექა მიქაუტაძე

ბექა მიქაუტაძე

„დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება“, - აღნიშნულის შესახებ საკრებულოს სხდომაზე განცხადება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ,  ბექა მიქაუტაძემ, გააკეთა.

როგორც ბექა მიქაუტაძემ განაცხადა, ამისთვის თბილისის მუნიციპალიტეტი გლდანის რაიონში 1 657 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს გადასცემს ორგანიზაციას „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“.

„ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმ ბავშვებისა და ოჯახების მხარდასაჭერად, რომლებსაც ყოველდღიურად უწევთ ამ დაავადებასთან გამკლავება. ახალი ცენტრი მათ შესაძლებლობას მისცემს, მიიღონ კომპლექსური სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო მომსახურება, რაც ხელს შეუწყობს მათ განვითარებას, სოციალიზაციასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ ჩართულობას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ასეთი სივრცის შექმნა მხოლოდ შენობის აგებას არ ნიშნავს - ეს არის მხარდაჭერა ბავშვებისთვის, მათი მშობლებისა და იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად დიდ ძალისხმევას დებენ მათი კეთილდღეობისთვის.  ეს ცენტრი მალე რეალობად იქცევა და დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის მოპოვების, მხარდაჭერისა და განვითარების სივრცე გახდება.

ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისა და მხარდაჭერისთვის კი  მადლობას ვუხდით თბილისის მერს, კახა კალაძეს“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.