დასაქმების კუთხით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები, მთლიანობაში, დასაქმებულთა რაოდენობამ მიაღწია 1 412 500-ს, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში - პრემიერი

პრემიერი

საქსტატმა შეაჯამა გასული წლის მე-4 კვარტლის მონაცემები და წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზრდა 20 100 ადამიანით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება.

„რაც შეეხება ეკონომიკას, დასაქმების კუთხით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები. საქსტატმა შეაჯამა გასული წლის მე-4 კვარტლის მონაცემები და წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზრდა 20 100 ადამიანით, მიაღწია 978 500-ს ამ მაჩვენებელმა. რაც შეეხება თვითდასაქმებულთა რიცხოვნობას, გაიზარდა 19 700 ადამიანით და მიაღწია 433 500-ს. ამავე პერიოდში, უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 14 700-ით. მთლიანობაში, გასული 3 წლის განმავლობაში, დასაქმების თვალსაზრისით, გვქონდა ძალიან კარგი ზრდა. დასაქმებულთა რაოდენობამ მიაღწია 1 412 500-ს, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და მხოლოდ ბოლო 3 წლის განმავლობაში დასაქმების მაჩვენებელი გაიზარდა 195 000-ით. შესაბამისად, ჩვენი ამბიციური მიზანი, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში 200 000 ახალი სამუშაო ადგილი შევქმნათ არის აბსოლუტურად რეალისტური და მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება, სწორედ, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.