წყალი 28 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები
1769716081
"ქართული ოცნება" განათლების რეფორმის ცვლილებაზე მუშაობას აქტიურად განაგრძობს. უკვე ცნობილია, რომ მმართველი გუნდი ტექნიკური უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანებას გეგმავს.
როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, მიზანი, განათლების ხარისხის გაუმჯობესებაა. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ცვლილებები განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზებს ვერ აღმოფხვრის.
შეგახსენებთ, დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელის ქვეშ უნდა გაერთიანდეს დედაქალაქის ორი ყველაზე მსხვილი სახელმწიფო უნივერსიტეტი: თსუ და ტექნიკური უნივერსიტეტი. ორ სასწავლებელს, ჯერ დროებით დანიშნული სპეციალური საბჭო უხელმძღვანელებს, შემდეგ კი დაინიშნება რექტორიც.
უმაღლესი განათლების გარდა, რეფორმა ეხება საშუალო სკოლებსაც, სადაც 2027-28 სასწავლო წლიდან 12-ის ნაცვლად 11 წლიანი სწავლება შემოდის. რაც შეეხება დაწყებით კლასებს, ბავშვის პირველ კლასში დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას 6 წელი, 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება. ეს ცვლილება უკვე 2026-27 სასწავლო წლიდან ამოქმედდება.
პარტია "გირჩის" სათათბიროს წევრის, ეკა ონიანის განცხადებით, განათლების სისტემას ნამდვილად აქვს პრობლემები, თუმცა ის გზები, რასაც ხელისუფლება საზოგადოებას სთავაზობს, არ პასუხობს გამოწვევებს.
"იმ დადგენილებაში, რომლითაც ეს რეფორმა დაანონსდა, ხელისუფლება აღიარებს, რომ კატასტროფულ მდგომარეობაშია განათლების სისტემა, თუმცა გამოსავლის გზა არ არის მიმართული ამ პრობლემების აღმოფხვრისკენ.
თუ დააკვირდებით, ყველაფერს ქვეტექსტად უდევს ძალაუფლება. რეფორმამაც უნდა აჩვენოს საზოგადოებას ვინ არის ქვეყანაში მთავარი, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს, ვის უნდა ემორჩილებოდეს და ექვემდებარებოდეს მთლიანად სისტემა", - განაცხადა ეკა ონიანმა.