„ჩვენთვის ძალიან კარგად იყო ცნობილი, რომ ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე არმისვლა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა“ - გრიგოლ გეგელია

გრიგოლ გეგელია

"კოალიცია ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, მათ იცოდნენ, რომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე არმისვლა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა.

როგორც გეგელიამ "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, მათთვის პატრიოტიზმი უფრო მნიშვნელოვანია. ვიდრე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

"ჩვენთვის ძალიან კარგად იყო ცნობილი, რომ არმისვლა ამ ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე შეიცავდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. მაგრამ, ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა არის პატრიოტული პასუხისმგებლობა. შესაბამისად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის პრიზმაში ყურებაზე უფრო მეტად, ჩვენ საქმეს ვუყურებთ სახელმწიფოებრივ და პატრიოტულ პრიზმაში. ამ კომისიაზე გამოცხადება თუნდაც ამ თვალსაზრისით, სულ რომ გვერდზე გადავდოთ ლეგიტიმაციის უმძიმესი კრიზისი, იქ შეკრებილი საზოგადოება არ არის საქართველოს, როგორც ერის და პოლიტიკური საზოგადოების ხმა. ისინი არ აურჩევია ხალხს, მათ არ აქვთ არც ერთი სერიოზული დემოკრატიული სახელმწიფოს აღიარება. გარდა იმისა, რომ მათ არჩევნები გააყალბეს, არჩევნებიდან ერთი თვისა და ორი დღის თავზე, საქართველოს მოსახლეობის 85%-ის მიერ არჩეული საგარეო პოლიტიკის კურსი უარყვეს, რომელიც თავად ჰქონდათ გამოსახული წინასაარჩევნო ბანერებზე", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ. 

 

ცნობისთვის, "ლელოს" ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში, გუშინ, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იყვნენ გამოძახებულები, თუმცა მათ პარლამენტში მისვლაზე უარი განაცხადეს. კომისიის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.