1739342153
ჩვენთვის არანაირი ღირებულება არ აქვს არც ერთ დოკუმენტს, რომელიც პატივს არ სცემს საქართველოს მოსახლეობის არჩევანს - ლევან მახაშვილი
![ლევან მახაშვილი ლევან მახაშვილი](https://primetime.ge/uploads/files/2024/11/26/106096/levan-makhashvili_w_h.jpeg)
ჩვენთვის არანაირი ღირებულება, მნიშვნელობა არ აქვს არც ერთ დოკუმენტს, რომელიც საქართველოს მოსახლეობის არჩევანს არ აღიარებს და პატივს არ სცემს. სამწუხაროდ, რეზოლუციის პროექტში ეს ძალიან მკაფიოდ არის აღნიშნული, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილი გამოეხმაურა ევროპარლამენტში მომზადებულ რეზოლუციის პროექტს, რომელსაც დღეს უნდა ეყაროს კენჭი.
„ამას გარდა, საქართველოს ხელისუფლების შესახებ არაერთ დეზინფორმაციას და ყალბ ინფორმაციას ვხვდებით. რეზოლუციის პროექტი გაჯერებულია არაერთი ჩანაწერით, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს და არაერთი მოწოდებაა, რომელიც არ ჯდება არც ქვეყნის და არც მოსახლეობის ინტერესებში. შესაბამისად, რეზოლუციის პროექტს არანაირი ფასი არ აქვს, ეს დოკუმენტი ძალიან მკაფიო მაგალითია საქართველოს შიდა პროცესებში გაუმართლებელი და უხეში ჩარევის. ლოგიკურია, რომ ჩვენთვის ამ დოკუმენტს ფასი ვერ ექნება, არა მხოლოდ ჩვენთვის, არც ევროკავშირისთვის არ აქვს. ეს პოლიტიკური ჯგუფები და მათ უკან ამოფარებული რამდენიმე ევროპარლამენტარი საკუთარი ფინანსური თუ პოლიტიკური ინტერესებისთვის ცდილობს ევროკავშირის ინსტიტუტების გამოყენებას საქართველოს რეპუტაციის დასაზიანებლად. სამწუხაროდ, ეს 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო, როცა რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და ბევრისთვის საქართველო გახდა რუსეთთან გასალაშქრებლად საჭირო რგოლი. ისინი საქართველოს რეპუტაციას შეგნებულად აზიანებენ. სწორედ ამიტომ, ამ დოკუმენტს არანაირი ფასი არ აქვს, თუმცა, ჩვენ ვაგრძელებთ ურთიერთობას ყველა ჯანსაღ ძალასთან, რომელიც ევროკავშირში ფუნქციონირებს და იმ ძირითად პრინციპებს აღიარებენ, რასაც ქვეყნებს შორის ურთიერთობები ეფუძნება“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.