ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტის გეგმა ვისაც ჰქონდა, სააკაშვილი საქართველოში მათ ჩამოიყვანეს, ახლა პასუხისმგებლობას გრძნობენ და გვთხოვენ მის გათავისუფლებას - ირაკლი კობახიძე

თავმჯდომარე

„ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ერთ-ერთი ტელევიზიის ლიდერები სააკაშვილს თვითდაზიანებისკენ პირდაპირ მოუწოდებდნენ, – ამის შესახებ ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას, სადაც მელია ამბობს: „იმედს ვიტოვებ, სააკაშვილთან დაკავშირებით მოსამართლე ჰუმანურ გადაწყვეტილებას გამოიტანს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყება სწორედ სასამართლოს ვერდიქტის შემდეგ.“

„როდესაც კონკრეტული ადამიანები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ვითომ დარდობენ, მინდა, ყველას შევახსენო, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც სააკაშვილი საქართველოში ჩამოიყვანეს ქვეყნის ასარევად და მას პირდაპირ მოუწოდებდნენ თვითდაზიანებისკენ.

„ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ერთ-ერთი ტელევიზიის ლიდერები სააკაშვილს თვითდაზიანებისკენ პირდაპირ მოუწოდებდნენ. ამის საპირისპირო განცხადებაც კი არ გაკეთებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის იყო ამ ტელევიზიების და „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკა. ანუ, ისინი იყვნენ პასუხისმგებლები იმაზე, რომ სააკაშვილი ჩამოიყვანეს საქართველოში ქვეყნის ასარევად და ასევე, ისინი არიან პასუხისმგებელი იმაზე, რომ თვითდაზიანებისკენ ღიად მოუწოდებდნენ. ახლა, ეს ადამიანები ვითომ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე დარდობენ. ეს ყველაფერი იმას აჩვენებს, რომ ყველაფერი ცარიელი სპეკულაციაა და სინამდვილეში, არავის არაფერი ადარდებს, მათ ადარდებთ მხოლოდ ის, რომ სააკაშვილის გათავისუფლებით ქვეყნის არევა უნდათ, რასაც ვერ ახერხებენ“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, კონკრეტული დაჯგუფებაა გლობალური ომის პარტია, რომელსაც საქართველოში უნდოდა ვითარების არევა, ხელისუფლების ცვლილება, მეორე ფრონტი და სწორედ მათ ჩამოიყვანეს მიხეილ სააკაშვილი საქართველოში.

„ვისაც ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტი უნდოდა და ვისაც ეს გეგმა ჰქონდა, სააკაშვილი საქართველოში სწორედ მათ ჩამოიყვანეს. ვიდრე ის თბილისში ჩამოვიდოდა, მანამდე მას ფონს უმზადებდნენ – მაგალითად, გაიმართა რაღაც კონფერენცია თუ ღონისძიება, სადაც მონაწილეობდნენ ცნობილი ოდიოზური ევროპარლამენტარები კუბულიუსი, ფონ კრამონი და სხვები, ფონს უმზადებდნენ. კონკრეტული დაჯგუფებაა გლობალური ომის პარტია, რომელსაც საქართველოში უნდოდა ვითარების არევა, ხელისუფლების ცვლილება, მეორე ფრონტი, სწორედ მათ ჩამოიყვანეს მიხეილ სააკაშვილი საქართველოში. რა თქმა უნდა, ახლა ეს ადამიანები პასუხისმგებლობას გრძნობენ და ამის შედეგია ის, რომ ისინი გვთხოვენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. ერთია პასუხისმგებლობა და მეორე ინტერესია, ქვეყანაში ვითარება აირიოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.