1692302192
ჩვენს ხელში არის ერთიანობა, წინააღმდეგობა, ურყეობა, რათა საბოლოო გამარჯვებას მივაღწიოთ, ვიბრძვით ბოლომდე - გიორგი ვაშაძე

ჩვენს ხელში რაც არის, ესაა ერთიანობა, ბრძოლა, წინააღმდეგობა, ურყეობა, რათა საბოლოო გამარჯვებას მივაღწიოთ. ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო გამარჯვებას მივაღწევთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარტიის ოფისში განაცხადა, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე პარტიის წევრებთან ერთად მივიდა.
გიორგი ვაშაძის თქმით, დარწმუნებულია, საბოლოო გამარჯვებას მიაღწევენ.
„ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, ეს დროის საკითხია. გადაწყვეტილება დღეს იქნება, ხვალ თუ ზეგ, ეს ჩვენს ხელში არ არის, დრო არის რეჟიმის ხელში. ჩვენს ხელში რაც არის, ესაა ერთიანობა, ბრძოლა, წინააღმდეგობა, ურყეობა, რათა საბოლოო გამარჯვებას მივაღწიოთ. ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო გამარჯვებას მივაღწევთ. მთავარია, ვიყოთ ერთიანები. ჩემი და ერთეული ადამიანების პატიმრობა არაფერია, მთელი საქართველო ჰყავს ახლა დაპატიმრებული „ქართულ ოცნებას“. ჩვენ ვიბრძვით საქართველოს გათავისუფლებისთვის. ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, ვიბრძვით ბოლომდე. ვნახოთ, გადაწყვეტილება დღეს იქნება თუ არ იქნება, შევხედავთ. ცალსახაა, რომ რეჟიმი სუსტია. ის დგას ერთადერთ რამეზე, ძალმომრეობითი მექანიზმით – დაჭერით, ანგარიშსწორებით, ჯარიმებით ძალა აჩვენოს საზოგადოებას. სხვა გზა მას არ აქვს. რაც უფრო ღრმად შედის, მით უფრო ჩიხისკენ მიდის. ნახავთ, რომ პარტნიორების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები იქნება, ბევრი რამ იქნება და ბევრი რამ შეიცვლება. ყველასთან მაქვს ერთი თხოვნა, ეს არის ერთიანობა, რაც გვჭირდება ჩვენ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
პარტიის ოფისში ასევე იმყოფებიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პაატა ბურჭულაძე.
ცნობისთვის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს უნდა გამოცხადდეს.