1692302192
ჩვენო გმირო სამხედროებო, თქვენ ხართ საქართველოს უსაფრთხოების გარანტი და ისსაფუძველი, რომელზეც უნდა ავაშენოთ ძლიერი დამშვიდობიანი მომავალი. მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, ძალა, სიმტკიცე და გამარჯვება - მიხეილ ყაველაშვილი

ჩვენი გმირო სამხედროებო, თქვენ ხართ საქართველოს უსაფრთხოების გარანტი და ისსაფუძველი, რომელზეც უნდა ავაშენოთ ძლიერი დამშვიდობიანი მომავალი. მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, ძალა, სიმტკიცე და გამარჯვება, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 34 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
„ქედს ვიხრი ჩვენი გმირი სამხედროების ხსოვნის წინაშე, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს საქართველოს თავისუფლებას. მათი სახელები ყოველთვის დარჩება საქართველოს ისტორიაში, როგორც გმირების, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად შეინარჩუნეს ჩვენი ღირსება და ეროვნული თვითმყოფადობა. განსაკუთრებული სიამაყით მსურს აღვნიშნო, რომ დღეს საქართველოს თავდაცვის ძალები პროგრესულად, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ვითარდება. საამაყოა, რომ ჩვენი სამხედროები, ახალი შესაძლებლობებითა და საერთაშორისო გამოცდილებით, წარმატებით აგრძელებენ ქართული ჯარის ტრადიციებსა და მემკვიდრეობას.
ჩვენი სამხედრო ძალები პირნათლად ასრულებს იმ მთავარ მისიას, რასაც საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა ჰქვია. მე, როგორც საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ამაყი ვარ, რომ ჩვენი ჯარისკაცები ყოველთვის გმირულად და ვაჟკაცურად იცავდნენ და იცავენ სამშობლოს. ჩვენი ქვეყნის მშვიდობის უზრუნველყოფასთან ერთად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო უსაფრთხოება და მოხარული ვარ, რომ ჩვენს სამხედროებს უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვთ შეტანილი გლობალური მშვიდობის შენარჩუნების საქმეში. საქართველოს მთავრობა თავდაცვის ძალების გაძლიერებაზე მუდმივად ზრუნავს და ამ საქმეში განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას, გენერალიტეტს და თითოეულ თანამშრომელს. ჩვენი გმირო სამხედროებო, თქვენ ხართ საქართველოს უსაფრთხოების გარანტი და ის საფუძველი, რომელზეც უნდა ავაშენოთ ძლიერი და მშვიდობიანი მომავალი. მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, ძალა, სიმტკიცე და გამარჯვება! თქვენს ერთგულებაზე დგას ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი და მტკიცედ მჯერა, რომ ერთად, ერთიანი ძალებით, ღირსეულად შევძლებთ ჩვენი სამშობლოს დაცვას და კიდევ უფრო გაძლიერებას! ღმერთი იყოს თქვენი და ჩვენი სამშობლოს მფარველი! გილოცავთ თავდაცვის ძალების დღეს!“ - განაცხადა პრეზიდენტმა.