ჩვენმა სამხედროებმა დაინახეს, რომ ჩვენი პრეზიდენტი, რომელიც ჩამოვიდა გორში, გაიქცა, რამაც სერიოზული დემორალიზაცია გამოიწვია ჯარში - ლაშა ქოიავა

ლაშა ქოიავა

ჩვენმა სამხედროებმა დაინახეს, რომ ჩვენი პრეზიდენტი, რომელიც ჩამოვიდა გორში, გაიქცა, რამაც სერიოზული დემორალიზაცია გამოიწვია ჯარში, – ამის შესახებ სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლაშა ქოიავამ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.

ქოიავას თქმით, ეს მაშინვე, ელვისებურად გავრცელდა ჯარში.

„მივედი საველე შტაბში გარკვეულ საქმეზე. შტაბი იყო გაშლილი კარალეთში. რაღაც ადგილია, კაკლები ჰქვია და იქ იყო შტაბი გაშლილი. იქ ერთ-ერთმა ოფიცერმა მითხრა, რომ პრეზიდენტი გაიქცა. როგორი პიროვნული დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეს შენი პრეზიდენტის, უმაღლესი მთავარსარდლის მიმართ, აქ არის ერთი მომენტი, რომ უმაღლესი მთავარსარდალი, პრეზიდენტი გაიქცა. ვინ შეასრულებს მთელ მოვალეობებს, რომლებიც მან უნდა შეასრულოს? რასაკვირველია, თურმე საქართველოდან არ გაქცეულა, ჩვენ არ ვიცოდით, სად წავიდა, რა გააკეთა, იქ არც ტელევიზორი გვქონდა და დიდად ინტერნეტითაც ვერ ვისარგებლებდით. ერთადერთი, რაც მოხდა, იყო ის, რომ დავინახეთ, პირადად მე არ დამინახავს, მაგრამ ჩვენმა სამხედროებმა დაინახეს, რომ ჩვენი პრეზიდენტი, რომელიც ჩამოვიდა გორში, გაიქცა. კაცმა არ იცის, რატომ ჩამოვიდა, რისთვის. ის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა ჩამოსულიყო საბრძოლო მოქმედებათა თეატრზე. არც ის, არც მინისტრი და არც გაერთიანებული შტაბის უფროსი იქ არ უნდა ყოფილიყვნენ. ისინი უნდა ყოფილიყვნენ თბილისში, თავიანთ კაბინეტებში და მასშტაბურად, გლობალურად ემართათ ის, რაც მათ ევალებოდათ, მაგრამ ისინი იყვნენ იქ. მოხდა ის, რომ პრეზიდენტი გაიქცა, ჯარმა ეს დაინახა. მაშინვე, ელვისებურად გავრცელდა, ვირუსულივით გავრცელება მოხდა, რომ პრეზიდენტი გაიქცა, რამაც სერიოზული დემორალიზაცია გამოიწვია ჯარში“, – განაცხადა ლაშა ქოიავამ.

კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა ქოიავას კითხვა დაუსვა: „რა იგულისხმება გაქცევაში, გორში, მეჯვრისხევის ქუჩაზე მომხდარი?, რასაც ქოიავამ უპასუხა: „დიახ, გორში რაც მოხდა“.

წულუკიანმა ლაშა ქოიავას დამაზუსტებელი კითხვით მიმართა: „საუბრობთ იმაზე, გორში რაც მოხდა, როდესაც თვითმფრინავის ხმაზე უმაღლესი მთავარსარდალი დაცვას გაექცა?, რის საპასუხოდაც ლაშა ქოიავამ აღნიშნა: „აქ ერთი პრობლემაა, თუ რამე რუსული თვითმფრინავი იყო ჰაერში, ეს ალბათ მოსკოვი დუბაი. თერთმეტი ათასი მეტრის სიმაღლეზე მის ხმას ვერ გაიგონებდა. სხვა საფრენი აპარატი იმ მომენტში ცაში არაფერი იყო“.