1772193240
ჩვენი მოლოდინია, რომ 2026 წელს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნდება, რასაც ხელს უწყობს საქართველოს მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა - ვახტანგ ცინცაძე
2025 წლის ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდის ტენდენცია 2026 წელსაც გაგრძელდა და იანვარში ეკონომიკური ზრდა 7.9%-ით განისაზღვრა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი განათლების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების და სხვა სექტორებმა შეიტანა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო ასევე საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები - ექსპორტის მოცულობა გაიზარდა 19%-ით და 480.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ვახტანგ ცინცაძემ ყურადღება გაამახვილა ადგილობრივ ექსპორტის ზრდაზე, რომელიც 68%-ს გაუტოლდა და 312 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.
მინისტრის მოადგილემ აქცენტი გააკეთა 2026 წელს მსხვილი სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებაზე, რაც, მისი შეფასებით, პოზიტიურად აისახება ეკონომიკურ ზრდის ტემპსა და ქვეყნის ეკონომიკურ ტენდენციებზე.
"ჩვენი მოლოდინია, რომ 2026 წელს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნდება, რასაც ხელს ის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა უწყობს, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს", - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.











