1773348202
ჩვენი მიზანია, თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს სწრაფი, მარტივი და კომფორტული წვდომა სახელმწიფო სერვისებზე - პაატა სალია
ყოველი ახალი იუსტიციის სახლი ნიშნავს ახალ შესაძლებლობას კონკრეტული რეგიონისთვის. ეს არის სივრცე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა იღებს სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას, ხოლო თავად რეგიონი – დამატებითი განვითარების შესაძლებლობას, ახალ სამუშაო ადგილებსა და მეტ ეკონომიკურ აქტივობას, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
ხელვაჩაურში იუსტიციის სახლის 127-ე ფილიალი საზეიმოდ გახსნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიამ.
პაატა სალიას თქმით, ახალი იუსტიციის სახლი კიდევ ერთი ნაბიჯია იმისათვის, რომ სახელმწიფო სერვისები მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეებისთვის უფრო ხელმისაწვდომი და ეფექტიანი გახდეს.
„მოქალაქეთა მაღალხარისხიანი მომსახურება და მათ საჭიროებებზე ზრუნვა იუსტიციის სამინისტროსა და ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია, თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს სწრაფი, მარტივი და კომფორტული წვდომა სახელმწიფო სერვისებზე“, – აღნიშნა მან.
პაატა სალიას განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო მუდმივად ზრუნავს მომსახურების მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის გაფართოებაზე, რათა საზოგადოებამ მიიღოს კიდევ უფრო თანამედროვე და ეფექტიანი სერვისები.
მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერისათვის და ახალი იუსტიციის სახლის თანამშრომლებს წარმატება უსურვა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის, იუსტიციის სახლის თითოეულ თანამშრომელს მათი ყოველდღიური შრომისთვის, ხოლო ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გუნდს ვუსურვო წარმატებები მომავალ საქმიანობაში“, - აღნიშნა მინისტრმა.











