ჩვენ ვთქვით, რომ 2028 წლამდე ჩვენი მხრიდან არ დავაყენებდით დღის წესრიგში მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, თუმცა იქვე დავაკონკრეტეთ, რომ თუ ისინი მიიღებდნენ გადაწყვეტილებას მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე, იქვე მოვაწერდით ამას ხელს, ძალიან ცხადი და მკაფიო იყო ეს განცხადება, თუმცა ამასაც მოჰყვა ზუსტად ისეთივე სიცრუეზე აგებული კამპანია, როგორც ე.წ. რუსულ კანონს - პრემიერი

კობახიძე

ჩვენ ვთქვით, რომ 2028 წლამდე ჩვენი მხრიდან არ დავაყენებდით დღის წესრიგში მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, თუმცა იქვე დავაკონკრეტეთ, რომ თუ ისინი მიიღებდნენ გადაწყვეტილებას მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე, იქვე მოვაწერდით ამას ხელს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან ცხადი და მკაფიო იყო ეს განცხადება, თუმცა ამასაც მოჰყვა ზუსტად ისეთივე სიცრუეზე აგებული კამპანია, როგორც ე.წ. რუსულ კანონს.

„რაც შეეხება ჩვენი გადაწყვეტილების შინაარსს და საფუძველს. საფუძველი და მიზეზი იყო რა, რომ ჩვენ ვეღარ მივცემდით ევროპულ ბიუროკრატიას ევროინტეგრაციის თემის შანტაჟისთვის გამოყენების საშუალებას. საშუალებას ვერ მივცემდით, რომ გამოეყენებინათ ეს თემა შანტაჟისთვის. ჯერ იყო კანდიდატის სტატუსი, რითაც წელიწად-ნახევარზე მეტი დაღალეს ეს ქვეყანა. ამას დაუკავშირეს რევოლუციის მცდელობები და შემდეგი იყო მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ჩვენ ვთქვით მარტივი რამ, რასაც ასევე მოჰყვა შეგნებულად დამახინჯებული ინტერპრეტაციები. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი მხრიდან არ დავაყენებდით დღის წესრიგში მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, 2028 წლამდე ისიც. ჩვენს განცხადებაში დავაკონკრეტეთ, რომ ჩვენი მიზანი იყო 2030 წლისთვის ქვეყნის გაწევრიანება, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი გამოიყენებოდა შანტაჟისთვის ქვეყნის წინააღმდეგ და ამით მუდმივად ცდილობდნენ ქვეყანაში ვითარების არევას, ჩვენ ვთქვით, რომ 2028 წლამდე ჩვენი მხრიდან არ დავაყენებდით დღის წესრიგში მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, თუმცა იქვე დავაკონკრეტეთ, რომ თუ ისინი მიიღებდნენ გადაწყვეტილებას მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე, იქვე მოვაწერდით ამას ხელს. ძალიან ცხადი და მკაფიო იყო ეს განცხადება, თუმცა ამასაც მოჰყვა ზუსტად ისეთივე სიცრუეზე აგებული კამპანია, როგორც ე.წ. რუსულ კანონს. სრულიად სამარცხვინო, სიცრუეზე აგებული კამპანია. ძალიან ბევრი ადამიანი ააღელვეს და ბევრი ადამიანი იყო გულწრფელად აღელვებული. თუმცა, ეს ყველაფერი იყო, სამწუხაროდ, კონკრეტული ადამიანების სიცრუეზე, ცრუ განცხადებებზე დაფუძნებული.საბოლოო ჯამში, რა მიიღო ამ ყველაფრით ქვეყანამ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა 5-დღიანი ძალიან მძიმე მღელვარება, ხელისუფლების შეცვლის კიდევ ერთი ძალადობრივი მცდელობა, რომელიც ძალიან უხეში ფორმით იყო გამოხატული და ყველას მძიმედ გვახსოვს, ბუნებრივია, ეს 5 დღე, თუმცა ამ 5-მა დღემ შემდეგ მოგვცა ჩვენ ქვეყნის დამშვიდების საშუალება. გადავიტანეთ ეს მძიმე 5 დღე, თუმცა, საბოლოო ჯამში, ის, რომ ჩვენ ამ 2 წლის განმავლობაში გვაქვს ბევრად უფრო მშვიდი ვითარება, ვიდრე იყო მანამდე. ეს არის ზუსტად ამ გადაწყვეტილების დამსახურება. შანტაჟისთვის ვეღარ გამოიყენება ევროინტეგრაციის საკითხი. ამ 2 წლის განმავლობაში სწორედ ამან დაამშვიდა ჩვენი ქვეყანა. შუალედში იყო ძალადობრივი რევოლუციის კიდევ ერთი მცდელობა, ზუსტად შარშან ამ დროს, ოქტომბერში, 4 ოქტომბრის ცნობილი მცდელობა, რასაც სახელმწიფომ ასევე საკადრისი პასუხი გასცა. თუმცა, მთლიანობაში რომ ავიღოთ ბოლო 2 წელი,  ეს ორი წელი იყო ბევრად უფრო მშვიდი, ვიდრე 2020, 2021, 2022, 2023, 2024 წლის პერიოდი. ქვეყნის დამშვიდება იყო ჩვენი ამოცანა, შანტაჟის შესაძლებლობის არმიცემა იყო ჩვენი ამოცანა და ორწლიანმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ჩვენმა ნაბიჯმა გაამართლა და ჩვენ მივიღეთ ეს შედეგი“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

✕