საუკუნის ძარცვა თბილისში - დამნაშავემ ბანკიდან 10 მილიონი გაიტაცა
1742277680
რუსი მეცნიერები და ჟურნალისტები უკრაინასთან ომის წინააღმდეგი არიან
150-ზე მეტმა რუსმა მეცნიერმა და სამეცნიერო ჟურნალისტმა ხელი მოაწერა ღია წერილს, უკრაინასთან ომის წინააღმდეგ.
წერილი გამოქვეყნდა გაზეთ „ტროიცკის ვარიანტი - მეცნიერებას“ ვებგვერდზე, სადაც ხელმოწერების შეგროვება გრძელდება.
რუსი მეცნიერებისა და სამეცნიერო ჟურნალისტების ღია წერილი უკრაინასთან ომის წინააღმდეგ:
ჩვენ, რუსი მეცნიერები და მეცნიერი ჟურნალისტები, ვაცხადებთ მტკიცე პროტესტს ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე დაწყებულ საომარ მოქმედებების გამო. ეს საბედისწერო ნაბიჯი იწვევს უზარმაზარ ადამიანურ ზარალს და ძირს უთხრის ჩამოყალიბებული საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის საფუძვლებს. ევროპაში ახალი ომის გაჩაღებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად რუსეთს ეკისრება.
ამ ომს რაციონალური გამართლება არა აქვს. დონბასში არსებული სიტუაციის სამხედრო ოპერაციის დაწყების საბაბად გამოყენების მცდელობა არანაირ ნდობას არ იწვევს. ცხადია, რომ უკრაინა საფრთხეს არ უქმნის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. მის წინააღმდეგ ომი უსამართლო და უაზროა.
უკრაინა იყო და რჩება ჩვენთან ახლო ქვეყნად. ბევრ ჩვენგანს ჰყავს უკრაინაში მცხოვრები ნათესავები, მეგობრები და მეცნიერი კოლეგები. ჩვენი მამები და ბაბუები ერთად იბრძოდნენ ნაციზმის წინააღმდეგ. ომის გაჩაღება რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის გეოპოლიტიკური ამბიციების გულისთვის, მათი მეხსიერების ცინიკური ღალატია.
ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინის სახელმწიფოებრიობას, რომელიც ეყრდნობა რეალურად მოქმედ დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ჩვენ გაგებით ვეპყრობით ჩვენი მეზობლების ევროპულ არჩევანს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ყველა პრობლემა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში შეიძლება მშვიდობიანი გზით გადაწყდეს.
ომის გაჩაღების შემდეგ, რუსეთმა გაწირა თავი საერთაშორისო იზოლაციისთვის. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, მეცნიერები, ვეღარ შევძლებთ ნორმალურად ვაკეთოთ ჩვენი საქმე: ბოლოს და ბოლოს, სამეცნიერო კვლევის ჩატარება წარმოუდგენელია სხვა ქვეყნების კოლეგებთან სრული თანამშრომლობის გარეშე. რუსეთის იზოლაცია მსოფლიოსგან ნიშნავს ჩვენი ქვეყნის შემდგომ კულტურულ და ტექნოლოგიურ დეგრადაციას პოზიტიური პერსპექტივების სრული არარსებობის პირობებში. უკრაინასთან ომი არსაით გადადგმული ნაბიჯია.
ჩვენთვის მწარეა იმის გაცნობიერება, რომ ჩვენი ქვეყანა, რომელმაც გადამწყვეტი წვლილი შეიტანა ნაციზმზე გამარჯვებაში, ახლა გახდა ევროპის კონტინენტზე ახალი ომის წამქეზებელი. ჩვენ ვითხოვთ დაუყოვნებლივ შეწყდეს ყველა სამხედრო ოპერაცია, რომელიც მიმართულია უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ ვითხოვთ უკრაინის სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას. ჩვენ ვითხოვთ მშვიდობას ჩვენი ქვეყნებისთვის. მოდით, მეცნიერება ვაკეთოთ და არა ომი!