„ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ კი ვართ მზად მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, თქვენ არ გველაპარაკებით“ - გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირის ელჩს

გურამ მაჭარაშვილი

“ქართული ოცნების“ განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველო ევროკავშირში მოლაპარაკების გახსნას 2028 წლამდე დღის წესრიგში აღარ დააყენებს და მზად არის, დამოუკიდებლად შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც ასოცირების შეთანხმებით აიღო, პოლიტიკური გამოხმაურებები მოჰყვა.

დღეს ამ თემაზე პირველი კომენტარი გააკეთა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა და თქვა, რომ ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესი 4 წლით გააჩერა. ელჩის ამ განცხადებას მმართველ გუნდში დეზინფორმაციას უწოდებენ.

“მე მინდა მივმართო ევროკავშირის ელჩს - თქვენ თუ მართლა გულწრფელად გინდათ საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნა, მაშინ გახსენით ხვალვე მოლაპარაკებები და ნახავთ არამარტო ჩვენს მზაობას, არამედ ნახავთ, რომ ჩვენ ვართ მზად, უპირატესობა გვაქვს ყველა კანდიდატი ქვეყნის მიმართ და, ასევე, ევროკავშირის ბევრ წევრ სახელმწიფოების მიმართ. სამწუხაროდ, თქვენ ამ მოლაპარაკებების გახსნის მექანიზმს იყენებთ იმისთვის, რომ საქართველოში რადიკალიზაცია გაღვივდეს. ახლაც კი, როცა გამოხვედით, აბსოლუტურად სხვა ნარატივი წაიყვანეთ, ვიდრე იყო ნათქვამი ირაკლი კობახიძის წერილში. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ კი ვართ მზად მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, თქვენ არ გველაპარაკებით,“ - აცხადებს “ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი.