ჩვენ ვაგრძელებთ საარჩევნო დაპირებების შესრულებას, მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი იყო სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენება - ვლადიმერ ბოჟაძე

ვლადიმერ ბოჟაძე

ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი საარჩევნო დაპირებების შესრულებას, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" სისხლიანი რეჟიმის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენება, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბრისას.

"იცით, რომ "ნაცმოძრაობის" პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჯერ კიდევ 2012 წლის 1 ოქტომბერს დადგა, თუმცა არ დამდგარა მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ამას ჰქონდა თავისი მიზეზები, მათ შორის გარედან თავს მოხვეული კოაბიტაცია.

რაც შეეხება კომისიის შექმნის მიზეზს, თქვენ იცით, რომ ჩვენ მივეცით დაპირება ჩვენს მოქალაქეებს, რომ მაქსიმალურად მოვახდენდით „ნაციონალური მოძრაობის“ ლუსტრირებას, მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას თუ ამის საჭიროება იქნება და გამოიკვეთება კომისიის მუშაობის დროს. ისევე როგორც ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც რეჟიმი გასამართლდეს სამართლებრივად და რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მშვიდობიან აქციებზე, იმაზე, რომ ახალგაზრდებს არ ახსოვთ რა ხდებოდა. ყველას კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ როგორი რეჟიმი იყო „ნაციონალური მოძრაობა“.

ძალიან მნიშვნელოვანია ის კომპონენტები და მიმართულებები, რომელზეც იმუშავებს კომისია. მთავარი მიმართულება იქნება რუსეთ-საქართველოს ომი, ისევე როგორც ადამიანის უფლებები, მედიასთან ურთიერთობა, ბიზნესის რეკეტი, ციხეებში არსებული მდგომარეობა. ამ ყველაფერზე ჩვენ გვექნება ძალიან სერიოზული მუშაობა და ველოდებით ყველას, ვისაც აქვს სურვილი აღნიშნულ კომისიასთან თანამშრომლობის“, - აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო ბოჟაძე.

საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.