ჩვენ სპეციფიკური პარტია ვართ, რომელიც ამომრჩეველს არ ეუბნება, ვინ შემოხაზოს არჩევნებში - იაგო ხვიჩია

„გირჩის“ ლიდერი

„ჩვენ სპეციფიკური პარტია ვართ, რომელიც ამომრჩეველს არ ეუბნება, ვინ შემოხაზოს არჩევნებში", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. 

"ჩვენ და "გირჩის" ამომრჩეველს ის გვაერთიანებს, რომ ჩვენი პირველი არჩევანია „გირჩი", ამის იქით ჩვენი საქმე არ არის, ვინმეს მოვუწოდოთ, ვინ შემოხაზოს. თუმცა, ჩემი აზრით, ძალიან სამართლიანი იქნება ბადრი ჯაფარიძის პარლამენტში დაბრუნება, რადგან უსამართლოდ გაუშვეს აქედან.

ხომ იცით, ასეთი ფაშისტური გამოთქმა - მეგობრებს ყველაფერი და მტრებს კანონიო, ეს პრინციპი იყო, ჩემი აზრით, გუშინ გამოყენებული და ხშირად იყენებს ამ პრინციპს "ქართული ოცნება". როცა რაღაც ცუდის ჩადენა უნდა ამბობს, რომ კანონში წერია რაღაც, მაგრამ რეალურად ყველას გვესმის, არანაირი ვალდებულება ჯაფარიძის გასარიცხად დეპუტატებს არ ჰქონდათ კანონის თვალსაზრისით", - განაცხადა ხვიჩიამ.