ჩვენ დღეს გვაქვს საშუალება, თავისუფლად, სტაბილურად და თანმიმდევრულად ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე, მომავალი წლიდან რადიკალურად იქნება გაუმჯობესებული მართვის ეფექტიანობაც და ხარჯეფექტიანობაც - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ჩვენ დღეს გვაქვს საშუალება, რომ მთლიანად ვიყოთ კონცენტრირებულები ქვეყნის განვითარებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“  განაცხადა.

მისივე თქმით, მომდევნო 3 წელი აღარ იქნება არჩევნები და ხელისუფლებას საშუალება ექნება თავისუფლად, სტაბილურად და თანმიმდევრულად იზრუნოს ქვეყნის განვითარებაზე.

„წლევანდელი წელი საკმაოდ რთული იყო იმ კუთხითაც, რომ მოგვიწია ბევრი რამის გადალაგება, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში. იყო ხარვეზიანი პროექტები, მათ შორის, ინფრასტრუქტურის ნაწილში. იყო პროცედურული კუთხით სხვადასხვა ტიპის ხარვეზები. წელს ვასწორებთ აბსოლუტურად ყველაფერს, შესაბამისად, მომავალი წლიდან იქნება რადიკალურად გაუმჯობესებული მართვის ეფექტიანობაც და ხარჯეფექტიანობაც. მათ შორის, იგივე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ეფექტიანობა და ხარჯეფექტიანობა,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.