ჩვენ დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოლეთ და იმისთვის არ დაგვიღვრია სისხლი, რომ თავის ქვეყანაში 2%-იანი მხარდაჭერის მქონე დეპუტატმა, რომელიც PACE-ში გამოიჭიმება, ქართველების სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი დააკნინოს - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

 როდესაც ამას კადრულობს ოფიციალური ჯგუფი, სახელს უცვლის და წულუკიანის კომისიას ეძახის საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას, ამ ხალხს რა ღირებულებებზე უნდა ველაპარაკოთ?, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რითაც უპასუხა კითხვას: „ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი განიხილავს ანგარიშს, სადაც საუბარია რეპრესიული კანონების გაუქმებაზე, პატიმრების გათავისუფლებაზე. ვინმე მიიღებს მონაწილეობას „ქართული ოცნებიდან“ ამ განხილვაში?“.

პაპუაშვილის თქმით, ამგვარი დამოკიდებულება აჩვენებს იმას, რომ ისინი საქართველოს და ქართველ ხალხს პატივს არ სცემენ.

„დოკუმენტი რომ გავხსენი, პირდაპირ მომხვდა თვალში ზურაბ ჯაფარიძესთან დაკავშირებით ჩანაწერი, რომ ის იყო დაკავებული იმის გამო, რომ არ მივიდა წულუკიანის კომისიაში. ეს ტერმინია გამოყენებული. შემდეგ ჩავყევი, თუ ჰქონდათ სადმე განმარტება, სქოლიოში მაინც ხომ უნდა მიეთითებინათ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რადგან ვინც არ იცნობს ჩვენი რადიკალების ლექსიკას, ის ვერც მიხვდება და ესეც კი არ არის განმარტებული. ამ ხალხთან რა გვაქვს ჩვენ სალაპარაკო? ეს აჩვენებს, რომ ისინი საქართველოს და ქართველ ხალხს პატივს არ სცემენ. მათთვის ჩვენ ვართ მეჩვიდმეტეხარისხოვანი ბანანის რესპუბლიკა, რომელშიც ჩამოვიდნენ რაღაცების საქადაგებლად და ვგონივართ კულტურისგან შორს მდგომი ადამიანები. როდესაც ამას კადრულობს ოფიციალური ჯგუფი, სახელს უცვლის და წულუკიანის კომისიას ეძახის საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას, ამ ხალხს რა ღირებულებებზე უნდა ველაპარაკოთ?! ეს არის ზუსტად საბჭოთა აზროვნება. ისინი საბჭოთა კავშირში კი არ მიექანებიან, დიდი ხანია უკვე იქ არიან. ამას ხანდახან საბჭოთა მოსკოვიც კი არ კადრულობდა. ერთი ორჯერ სიტყვა წაუცდათ, ჩაადგა ნახევარი საქართველო მოსკოვში ერთ-ერთ რუს მწერალს და სანამ ბოდიშები არ მოახდევინეს, არ მოეშვნენ. დღეს კი, ამ ე.წ. ლიბერალურ სამყაროში ამას კადრულობენ, ასე გვაკნინებენ ქართველებს, რომ არ გვაქვს ჩვენი სახელმწიფო, პარლამენტი. ასე რომ, ამ ხალხთან ღირებულებით საკითხებზე არაფერი გვაქვს სალაპარაკო. იხარშებიან საკუთარ ზიზღში იმის გამო, რომ საკუთარი ხელისუფლება ვერ დასვეს საქართველოში.

რაც შეეხება ამ ფურცლებს, რაც დაიწერა ამ ადამიანების მხრიდან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ჯგუფის ასამბლეა იყო ჩამოსული და იცით რა არის ჩვენი დამოკიდებულება მათდამი. როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა პატივს არ სცემს ქართველი ხალხის არჩევანს და ცდილობს უკარნახოს არჩევანი, ამას მიჰყავს ურთიერთობა იმ დონემდე, რომელ დონეზეც ახლა არის. მანამ, სანამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს, მანამდე ჩვენ მათთან სალაპარაკო არაფერი გვაქვს“, - აღნიშნა მან.

კითხვაზე - ხომ არ აპირებთ ამ ორგანიზაციის დატოვებას? - პაპუაშვილმა ასე უპასუხა:

„არაფრის დატოვებას არ ვაპირებთ, პირიქით, უნდა ვაიძულოთ, რომ სუვერენიტეტს პატივი სცენ. ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით აღმოსავლეთ ევროპაში, რომელთაც ციდან დაეცათ დამოუკიდებლობა, ჩვენ დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ვიბრძოლეთ. იმისთვის არ დაგვიღვრია სისხლი, რომ ვიღაცა თავის ქვეყანაში 2%-იანი მხარდაჭერის მქონე დეპუტატმა, რომელიც PACE-ში გამოიჭიმება, ქართველი ხალხის სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი დააკნინოს. ვინც არ სცემს ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს, ის არ არის ქართველი ხალხის მეგობარი და ყველას შესაბამისი პასუხი გაეცემა“.