ჩვენ არა მარტო ადმინისტრირების ნაწილში, არამედ საჩივრების განხილვის ნაწილშიც მაღალი სტანდარტებით ვხელმძღვანელობთ - გიორგი კალანდარიშვილი

კალანდარიშვილი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, ცესკოში სულ 24 საჩივარია შესული. ამ თემაზე გიორგი კალანდარიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საჩივრების უმეტესობა საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე დარღვევებს ეხება.

„ერთ რამეზე შევთანხმდეთ, რომ საჩივრების სიმრავლე თუ სიმცირე არ არის ინდიკატორი იმისა, რომ პროცესი შეფასდეს და მისი ლეგიტიმაციის ხარისხზე იმოქმედოს, იმიტომ რომ შეიძლება იყოს ბევრი საჩივარი, მაგრამ აბსოლუტურად უშინაარსო და უსაფუძვლო და რეალურად არაფრის მომცემი. შეიძლება იყოს ცოტა და იქ იყოს 1-2 ხელშესახები.

ამ შემთხვევაში, საოლქოებში დაფიქსირდა სულ 24 საჩივარი. მათი უმრავლესობა ეხება კენჭისყრის გარე პერიმეტრზე შესაძლო დარღვევების არსებობას, კენჭისყრის დღის გარკვეულ პროცედურებს, მათ შორის არის რამდენიმე საჩივარი ფოტო/ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, შესაბამისი ქვემდგომი კომისიები განიხილავენ კანონით გათვალისწინებულ ვადებში და თუ იქნება სადმე დარღვევის ნიშნები და შესაბამისი მტკიცებულებები, რა თქმა უნდა, იქნება მიღებული სათანადო ზომები და არცერთი არ დარჩება ყურადღების მიღმა და არავის მივცემთ საშუალებას, რომ თქვან, რომ ან არ განვიხილეთ ან სათანადო რეაგირება არ გვქონია. ჩვენ არა მარტო ადმინისტრირების ნაწილში, არამედ საჩივრების განხილვის ნაწილშიც კი მაღალი სტანდარტებით ვხელმძღვანელობთ“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.