მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ შესაძლო არაკონსტიტუციურად გამოცხადების საკითხს ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
მისი თქმით, არაფერი ამაში განსაკუთრებული არ არის.
„ახალი მაგალითები თუ გვაინტერესებს, უკრაინამ რამდენიმე პარტია სამართლებრივად გააუქმა სასამართლოს მეშვეობით. მოლდოვამ ოპოზიციური პარტია გააუქმა სასამართლოს მეშვეობით. ზოგადად, ბოლო ათწლეულების განმავლობაში 50-ზე მეტი პარტია გაუქმდა ევროპულ დემოკრატიებში. ასე, რომ ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. ჩვენი კანონმდებლობაც ითვალისწინებს ამას.
ყველას შეგახსენებთ, რომ სულ რაღაც ორი წლის წინ იყო, თუ არ ვცდები, მაშინდელმა სახალხო დამცველმა, ქალბატონმა ლომჯარიამ საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა კიდევაც. ის მაშინ „ალტ-ინფოს“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ასე ვთქვათ, ლობირებდა. რაღაც არ მახსოვს მაშინ ვინმეს რეაქცია, როგორ შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიის წინააღმდეგ შეიტანო საჩივარი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილოს რამდენად ჯდება ესა თუ ის პარტია კონსტიტუციურ ჩარჩოში. ამიტომ არის ეს ფარისევლობა, როდესაც დღეს გვესმის კრიტიკული ხმები. თან იმ პირობებში, როდესაც სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ გერმანიის ბუნდესტაგში მმართველი პარტია, რამდენიმე სხვა პარტიაც შეუერთდა, ამზადებენ სარჩელს, რომ გერმანიაში პოპულარობით მეორე პარტია გამოაცხადონ ანტიკონსტიტუციურად.
ასე, რომ ყველამ ჩვენს დემოკრატიას უნდა სცეს პატივი. ჩვენ არ ვართ რაღაც საცდელი ქვეყანა და ნახევარ ქვეყანა, რომელსაც არ აქვს უფლება აკეთოს ის და იმოქმედოს ისე, როგორც სხვა დემოკრატიები იქცევიან. ამიტომ, დემოკრატიის პატივისცემა გულისხმობს, უპირველეს ყოვლისა, სხვა ქვეყნის სუვერენიტეტში ჩაურევლობას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.