ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, მარათონი - „ჩემი გაზაფხული 2023“ გაიმართა

დიდუბე

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, მარათონი - „ჩემი გაზაფხული 2023“ გაიმართა. შეჯიბრმა სტარტი დავით აღმაშენებლის გამზირის N72-დან აიღო და განახლებულ აღმაშენებელზე დასრულდა.

ღონისძიებაში მონაწილეობა რაიონში არსებული 15 სკოლის მოსწავლეებმა, ასევე, რაიონში მცხოვრებმა მოქალაქეებმა, გამგებელმა დავით მაქაცარიამ,  პარლამენტის დეპუტატმა და მაჟორიტარმა გიორგი ვოლსკიმ და რიმა ბერაძემ, საკრებულოს დეპუტატებმა ზურაბ ჩიკვილაძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ მიიღეს.

მარათონი, რომელიც ჩუღურეთის რაიონში ტრადიციულად ტარდება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

ღონისძიების დასრულებისას, რაიონის გამგებელმა და მოწვეულმა სტუმრებმა გარბენში გამარჯვებულ სკოლის მოსწავლე გოგონებსა და ბიჭებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

„ჩუღურეთის რაიონის გამგეობა უკვე ტრადიციული მარათონით - „ჩემი გაზაფხული 2023 “ ულოცავს მოსახლეობას გაზაფხულის დადგომას. აღნიშნული ღონისძიება რაიონში უკვე მე-6 წელია ტარდება და ადგილობრივი მოსახლეობის ერთ-ერთი საყვარელი ღონისძიებაა."-განაცხადა რაიონის გამგებელმა დავით მაქაცარიამ

წარმოდგენა განახლებულ აღმაშენებელზე დაჯილდოებით, ფლეშმობითა და კონფეტების ფოიერვერკით დასრულდა.