ჩემთვის გივი თარგამაძის მაგალითი საკმარისზე მეტია, პრეცედენტი გვქონდა, როდესაც ოპოზიციონერ ლიდერს აფეთქებდნენ და დღეს, როდესაც ინფორმაცია მოდის, რომ ამაზე ვიღაც-ვიღაცები საუბრობენ, ბუნებრივია პრევენცია უნდა გავაკეთოთ - მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

ჩემთვის ეს [გივი თარგამაძის] მაგალითი საკმარისზე მეტია, რადგან საქართველოში პრეცედენტი გვქონდა, როდესაც 2016 წელს ოპოზიციონერ ლიდერს აფეთქებდნენ და დღეს, როდესაც სხვადასხვა ინფორმაცია მოდის, რომ ამაზე ვიღაც-ვიღაცები სადღაც-სადღაც საუბრობენ, ბუნებრივი ამბავია, რომ ჩვენ პრევენცია უნდა გავაკეთოთ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან საუბრისას გიორგი მარგველაშვილის პარტია „ლელოსთან“ შეერთებასთან დაკავშირებით.

მდინარაძეს ჰკითხეს, რატომ ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ინფორმაციაზე, რომ ოპოზიცია გეგმავს პროვოკაციებს, საფრთხე ემუქრება მათ შორის ოპოზიციის ლიდერებს და რატომ გაავლო პარალელი გივი თარგამაძის ტერაქტზე, როდესაც გამოძიებამ დაადგინა, რომ ამაში რუსული სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ.

„რაც უტყუარად შეგვიძლია ვთქვათ, გივი თარგამაძის ფაქტს ვგულისხმობ, ის მიმართული იყო ყველა შემთხვევაში ერთი ადამიანის, მაგრამ საარჩევნოდ, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. რუსეთის სპეცსამსახურმა დაგეგმა, თუ სხვამ - ვისაც არ უნდა დაეგეგმა, ფაქტია, რომ აფეთქებდნენ ოპოზიციონერ ლიდერს იმიტომ, რომ საარჩევნო გარემო დაეზიანებინათ, ხალხის აღშფოთება გამოეწვიათ და მიმართული იყო ხელისუფლების წინააღმდეგ. ჩემთვის ეს [გივი თარგამაძის] მაგალითი საკმარისზე მეტია, რადგან საქართველოში პრეცედენტი გვქონდა, როდესაც 2016 წელს ოპოზიციონერ ლიდერს აფეთქებდნენ და დღეს, როდესაც სხვადასხვა ინფორმაცია მოდის, რომ ამაზე ვიღაც-ვიღაცები სადღაც-სადღაც საუბრობენ, ბუნებრივი ამბავია, რომ ჩვენ პრევენცია უნდა გავაკეთოთ. პირველი რაც შეიძლება გავაკეთოთ, უნდა დავდგეთ პარტიის ტრიბუნასთან და ვთქვათ, რომ მეგობრებო, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ამაზე მიდის საუბარი და წინასწარ რომ იცოდეთ. სხვათა შორის მათ [ოპოზიციონერების] უსაფრთხოებასაც ამით გარკვეულწილად უზრუნველვყოფთ. როცა წინასწარ გააფრთხილებ მოსახლეობას, მერე რაღაცებს აზრი ეკარგება და მათ შორის ჩვენი ოპოზიციის ლიდერების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ვზრუნავთ. მაგალითად ლიაკა ხოშტარიას თვეში უგზავნიან 50 ათასი დოლარის ეკვივალენტის მილიონობით რუბლს და რისკი საიდან იქნება ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს?! ორმაგი აგენტებით გყავთ გატენილი ოპოზიცია და საიდან მოდის რისკი, საიდან ვიცით?! საუბრის იქით ინფორმაცია რომ მქონდეს ამ წუთას, გამოძიება იქნებოდა დაწყებული“, - აღნიშნა მდინარაძემ.