„ბრიტანული სანქციები მსუსხავი ეფექტის მატარებელია და ის არის უნისონში როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ევროკავშირის საერთო პოლიტიკასთან“ - ლანა გალდავა

ლანა გალდავა

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, ბრიტანულ სანქციებს "მსუსხავი" ეფექტი გააჩნია, რადგან მის იურისდიქციაში ოფშორული ზონებიც შედის.

გარდა ამისა, გალდავას თქმით, ბრიტანეთი ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან უნისონში მოქმედებს.

" აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშ არის კუნძულები და ოფშორები, სადაც არის გარკვეული პირების ქონება. თუ ბრიტანეთი გადაწყვეტს, რომ სანქციები დაწესდეს კონკრეტული პირების მიმართულებით, რა თქმა უნდა, ეს სერიოზული დარტყმაა, რადგან ბრიტანული სანქციების მსუსხავი ეფექტის მატარებელია და ის არის უნისონში, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ევროკავშირის საერთო პოლიტიკასთან", - განაცხადა ლანა გალდავამ.

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ბრიტანეთისგან, როგორც დასავლური სამყაროს ლიდერი ქვეყნისგან, მოსალოდნელი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილს დაასანქცირებდა.

"როდესაც კონკრეტული ადამიანის უფლებების დარღვევაში იღებ მონაწილეობას, ხდები სანქცირების ლეგიტიმური სამიზნე დასავლურ ქვეყნებში. ასე მოქმედებს დასავლური სამყარო, ამ ნორმებისა და პრინციპების მიხედვით. ბრიტანეთი, როგორც დასავლური სამყაროს ერთ-ერთი ლიდერი, იყო მოსალოდნელი, რომ დაასანქცირებდნენ ამ ადამიანს", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საკითხზე იმსჯელეს. დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა, ახსენა დემონსტრანტების ძალადობრივი დარბევები და ამის გამო შეშფოთება გამოთქვა.

სტივენ დაუთმა თქვა, რომ ბრიტანეთმა საქართველოს მთავრობის პროგრამული მხარდაჭერა შეაჩერა, დააწესა სხვადასხვა შეზღუდვა, მათ შორის, სავიზო აკრძალვები და განაგრძობს მუშაობას სამოქალაქო საზოგადოების და მედიის მხარდასაჭერად.