ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის ორგანიზებით გუშინ გაიმართა შეხვედრა, სადაც მკაფიოდ ითქვა, რომ პარტნიორებისთვის მიუღებელია კურსი, რაც აირჩია საქართველოს ე.წ. ხელისუფლებამ - ანი წითლიძე

ანი წითლიძე

ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის ორგანიზებით გუშინ გაიმართა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც მონაწილეობდნენ უმაღლესი თანამდებობის პირები, მათ შორის საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრი. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიუღებელია ის კურსი, რაც აირჩია საქართველოს ე.წ. ხელისუფლებამ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ განაცხადა.

წითლიძის თქმით, საერთაშორისო პარტნიორების რეაგირება კიდევ უფრო მკაცრი იქნება.

„ბრიტანეთის ორგანიზებით, საქართველოსთან დაკავშირებით გუშინ იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. ეს იყო საკოორდინაციო შეხვედრა, რომელიც გაიმართა ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის ორგანიზებით, სადაც მონაწილეობდნენ უმაღლესი თანამდებობის პირები, მათ შორის საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრი. კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, ევროპელებისთვის, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე არიან საქართველოს დამოუკიდებლობის მთავარი მხარდამჭერები, მიუღებელია ის კურსი, რაც აირჩია საქართველოს ე.წ. ხელისუფლებამ. შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ გზას, რომლითაც მიდის „ოცნება“, არანაირი კავშირი არ აქვს დემოკრატიასთან, ეს არის დიქტატურის გაძლიერება და კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვება. უნდა გვესმოდეს, რომ მსგავსი ტიპის მაღალი დონის შეხვედრების ორგანიზება როდესაც ხდება ბრიტანელების მხრიდან, ყოველთვის მოჰყვება კონკრეტული ნაბიჯები, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ასევე ბრიტანეთის საელჩომ სპეციალური გზამკვლევი გამოაქვეყნა სანქციებთან დაკავშირებით, რომელიც ბიზნესმენებს ეხებოდათ. ეს პროცესი დაკავშირებულია ყველაფერი იმასთან, რასაც „ოცნება“ ამ ქვეყანაში აკეთებს – საქართველოს მოქალაქეების, პოლიტიკური ლიდერების დაკავება, საქართველოს მოქალაქეების წამება, სახელმწიფო აქვთ მიტაცებული. შესაბამისად, ცხადია, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეაგირება იქნება კიდევ უფრო მკაცრი. აღსანიშნავი და საგულისხმოა ბრიტანეთის სანქციები და საფრანგეთის სანქციები, რომლებიც უშუალოდ უნდა დაეკისროს „ოცნების“ ლიდერებს და ივანიშვილს“, – განაცხადა ანი წითლიძემ.