ბორელის განცხადებით, ის ევროკავშირს შესთავაზებს საქართველოსთვის 100 მილიონი ევროს გამოყოფა გაყინოს

ბორელი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გასამართ შეხვედრაზე ის წინადადებით გამოვა, რომ საქართველოსთვის 100 მილიონი ევროზე მეტის გამოყოფა გაყინოს.

მისი თქმით, ეს ფული საქართველოს მთავრობის ნაცვლად ქვეყანაში მომუშავე „სამოქალაქო საზოგადოებას“ უნდა გადაეცეს.

„ჩვენ ყველანი განვიხილავთ საქართველოს. მიღებული იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები. მე შევთავაზებ შეჩერდეს მთავრობის დახმარების პროგრამების მნიშვნელოვანი ნაწილი. 100 მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და მთავრობის ნაცვლად ჩვენ მას სამოქალაქო ორგანიზაციებს მოვახმართ“, - განუცხადა ბორელმა ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე.

გარდა ამისა, ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას. მისი თქმით, გაწევრიანების პროცესი შეწყდება მანამ, სანამ საქართველო არ დაუბრუნდება ევროინტეგრაციის კურსს.