ბოლო ათწლეულში, ევროკავშირის ქვეყნებში, 150-მდე პარტიის აკრძალვა ვიხილეთ, 22 პარტია აიკრძალა უკრაინაში - ამაზე არავის პრეტენზია არ ჰქონია, თუმცა, საქართველოს შემთხვევაში, ინტერესი მიკერძოებულია - ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეული პრეზიდენტის მიერ საქართველოში კონსტიტუციური სარჩელის განხილვის კრიტიკას მმართველ გუნდში პასუხობენ.

როგორც პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ევროპაში 150-მდე პარტია აიკრძალა და ამ საკითხს კრიტიკა არავის მხრიდან მოჰყოლია.

მისივე თქმით, საქართველოს შემთხვევაშიც პროცესი სამართლებრივად გამართულია, თუმცა არსებობს მიკერძოებული ინტერესი, რადგან პარტიები, რომელთა წინააღმდეგაც დავა გრძელდება, უცხო ქვეყნის დავალებებს ასრულებენ.

"ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ევროკავშირის ქვეყნებში, 150-მდე პარტიის აკრძალვა ვიხილეთ. 22 პარტია აიკრძალა უკრაინაში. თუ არ ვცდები, ბოლო სამ წელში, 8 პარტია აიკრძალა მოლდოვაში. არავის პრეტენზია არ ჰქონდა ამაზე, ვინაიდან ეს ყველაფერი სამართლებრივად გამართული იყო.

ანალოგიურთან გვაქვს საქმე საქართველოში, უბრალოდ, ამ შემთხვევაში, ინტერესი არის მიკერძოებული. მიკერძოებულია ეს ინტერესი, ვინაიდან ეს აგენტურული პარტიები იმართებიან გარედან. მათ პატრონებს არ სურთ, რომ ბერკეტები დაკარგონ საქართველოში და ცდილობენ, გამოესარჩლონ, თუმცა ის განცხადებები, რასაც საზღვარგარეთიდან აკეთებენ, არის კონტრპროდუქტიული მათთვის, ვინაიდან ეს ყველაფერი არგუმენტებზე არ არის დამყარებული, მხოლოდ მათი სურვილია, რომ მათი აგენტურა გადარჩეს.

ეს საზოგადოებისთვის არის იმის მანიშნებელი, რომ აგენტურული ოპოზიციონერული პარტიები უნდა გაქრნენ პოლიტიკური ველიდან", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

✕