ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე: ყველას მინდა, ვუთხრა, რომ დაწყნარდნენ - გვაბულინგებენ, ვითომ რაღაც სხვა კურსი გვინდა, აქ ყველას მშვიდობა უნდა, რაც განაცხადა პრემიერმაც და თითოეულმა ბიზნესმენმაც

ნოშრევან ნამორაძე

ჩვენს მთავრობას, ხელისუფლებას და ყველას გვაბულინგებენ, რომ ჩვენ ვითომ რაღაც სხვა კურსი გვინდა. აქ ყველას მშვიდობა უნდა, რაც განაცხადა პრემიერმაც და თითოეულმა ბიზნესმენმაც. აბსოლუტურად კონსოლიდირებული და კარგი საუბარი შედგა პრემიერთან, - განაცხადა ბიზნესმენმა, ნოშრევან ნამორაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, ბიზნესმენები მიიჩნევენ, რომ 12 წლის განმავლობაში ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაუხვევია და არც დღეს ხდება რამე განსაკუთრებული.

„პირველ რიგში ყველას მინდა, ვუთხრა, რომ დაწყნარდნენ, დამშვიდდნენ. 12 წელია ქვეყანა სწორად მიდის. გადახვევა არ ყოფილა, პრეტენზია არავის არ ჰქონია, ბიზნესის არცერთ წარმომადგენელს, რომ 12 წლის განმავლობაში ყოფილიყოს რამე აცდენა ან ევროპული გზისკენ არ მივდიოდეთ, მსგავსი რამ არ ყოფილა. მე-12 წელს ზოგიერთი პოლიტიკოსის და ბიზნესმენის მხრიდან მათ აღქმაში დადგა ვითარება, რომ უცბად გადავუხვიეთ კურსს. ეს ყველაფერი არის პოლიტიზებული, სცენარია დაწერილი ჩვენს ფარგლებს გარეთ და ამ სცენარით მიდის მოქმედება, მიდის მუშაობა და ხდება შემდეგი რამ: ეს ახალგაზრდობა გამოიყენეს იმისთვის, რომ დაეტოვებინათ საზარბაზნე ხორცად. იმუშავეს მაქსიმალურად იმაზე, რომ გამოეწვიათ ასეთი ტემპერატურის მატება. ჩვენი ქვეყანა არ ადარდებთ იმ ადამიანებს, იცით, ვისზეც ვამბობ, კონკრეტულად ოპოზიცია. იყენებენ მაქსიმალურად ყველა ძალას, რომ ჩვენს მთავრობას, ხელისუფლებას და ყველას გვაბულინგებენ, რომ ჩვენ ვითომ რაღაც სხვა კურსი გვინდა. აქ ყველას მშვიდობა უნდა, რაც განაცხადა პრემიერმაც და თითოეულმა ბიზნესმენმაც. აბსოლუტურად კონსოლიდირებული და კარგი საუბარი შედგა პრემიერთან. განვიხილეთ მთელი ეს განვლილი გზა, 12 წლის განმავლობაში როგორ იარა ბიზნესმაც და ქვეყანამაც. 12 წლის განმავლობაში არ გადაუხვევია გზიდან ქვეყანას და აბსოლუტურად ყველა ბიზნესმენი ასე ხედავს. არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ რაღაც დღეს ხდება განსაკუთრებული“, - განაცხადა ნოშრევან ნამორაძემ.