ბერმუდის სასამართლო Credit Suisse-ის შვილობილს 607 მლნ დოლარის გადახდას ავალდებულებს მოსარჩელეებისთვის, მათ შორის, ივანიშვილისთვის

ბიძინა ივანიშვილი

ბერმუდის სასამართლოს უახლესი გადაწყვეტილებით, შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ს შვილობილს CS Life-ს 607.35 მილიონი დოლარის ანაზღაურება დაეკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას Prnewswire ავრცელებს.

კომპანიამ 42 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს თანხა, რომელიც დამოუკიდებელ ანგარიშზე შეინახება მანამ, სანამ CS Life-ის საჩივარი განისაზღვრება. ამის შემდეგ საბოლოო ზიანი უნდა აუნაზღაურდეთ მოსარჩელეებს, მათ შორის, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს.

გადაწყვეტილება მოჰყვა მარტის სასამართლოს, რომელმაც CS Life-ს დააკისრა პასუხისმგებლობა იმაზე, რომ არ მიიღო სათანადო ზომები ანგარიშებზე თაღლითობისა და არასწორი მენეჯმენტის თავიდან ასაცილებლად. ივანიშვილისა და მისი ოჯახის Credit Suisse-ის ანგარიშებზე ჯამური ზარალი 1.2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

21 ივნისს გამართულ მოსმენაზე CS Life ამტკიცებდა, რომ მას არ უნდა გადაეხადა დავალიანება მანამ, სანამ გასაჩივრების ყველა გზა არ ამოიწურებოდა და ცდილობდა დაყრდნობოდა Credit Suisse-ის გარანტიას, როგორც საკმარის უზრუნველყოფას, თუმცა სასამართლომ ეს განცხადება არ დააკმაყოფილა.

ბანკის პერსონალის მიერ 7 წლის განმავლობაში ჩადენილი თაღლითობის შედეგად დაზარალებულებმა, საერთო ჯამში, 1 მილიარდი დაკარგეს. Credit Suisse-ის ერთი თანამშრომელი ნასამართლევია თაღლითობაზე, შვეიცარიის ფინანსური ბაზრის ზედამხედველმა უწყებამ კი ხაზი გაუსვა ბანკის სისტემაში და კონტროლის მექანიზმში ჩავარდნებს, რამაც დანაშაულები გამოიწვია.